იოჰან ჰაინრიხ ცედლერის ენციკლოპედიის ცნობები აფხაზეთის ისტორიული გეოგრაფიისა და ტოპონიმიის შესახებ და თანამედროვე ისტორიოგრაფია

ავტორები

  • იგორ კეკელია ისტორიის დოქტორი, ფოთის N15 საჯარო სკოლის პედაგოგი

საკვანძო სიტყვები:

მხარე, საზღვრები, ტოპონიმია, ჰიდრონიმია, ისტორიული გეოგრაფია, ლოკალიზაცია, დასახლებული პუნქტი, მდინარე

ანოტაცია

ცნობილი გერმანელი გამომცემლისა და წიგნებით მოვაჭრის – იოჰან ჰაინრიხ ცედლერის სახელს უკავშირდება ლაიფციგსა და ჰალეში პირველი სრულყოფილი გერმანულენოვანი ენციკლოპედიის 64 ტომად გამოცემა. მისი სახელწოდებაა „დიდი უნივერსალური ლექსიკონი მეცნიერების და ხელოვნების ყველა დარგისათვის“. მასში საქართველოს თემატიკისადმი მიძღვნილი 35 სტატიაა შესული. საქართველოს შესახებ ენციკლოპედიაში დაცული ინფორმაცია ქართველი მკვლევრებისა და საზოგადოების ფართო წრეებისათვის ხელმისაწვდომი გახადეს, გერმანული ენიდან თარგმნეს და სათანადო საკვლევი აპარატურითურთ გამოაქვეყნეს თამაზ გოგოლაძემ და გოჩა საითიძემ (გოგოლაძე, საითიძე, 14, 2011: 535-569).
მთარგმნელთა შეფასებით, „იოჰან ჰაინრიხ ცედლერის უნივერსალური ლექსიკონი მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი ენციკლოპედია და, ამავე დროს, ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი საგამომცემლო პროექტია, რომელიც მთლიანობაში 68 000 გვერდს და 290 000 სტატიას შეიცავს“ (გოგოლაძე, საითიძე, 14, 2011: 535).
იოჰან ჰაინრიხ ცედლერი 1706 წლის 7 იანვარს დაიბადა პოლონეთის ქალაქ ვროცლავში (მისი გერმანული სახელწოდებაა რესლაუ). მამამისი იოჰანი მეწაღე იყო. საგამომცემლო საქმე ვროცლაველ წიგნებით მოვაჭრესთან – ჰანს ბრახფოგელთან ბავშვობაში შეუსწავლია. 1726 წლიდან ქალაქ ფრაიბურგში ცხოვრობდა, სადაც ცოლად შეირთო ადგილობრივი გამომცემლის, დავით რიხტერის და დოროთეა (1695-1755 წწ.). ამავე ქალაქში ცოლისა და ცოლისძმის დახმარებით დააარსა საკუთარი გამომცემლობა და გამოსცა რამდენიმე წიგნი. 1727 წელს მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ლაიფციგში, რაც მაშინდელი ევროპის ერთ-ერთ უმთავრეს საგამომცემლო ცენტრს წარმოადგენდა. აქაც ცედლერს საკუთარი გამომცემლობა და წიგნების მაღაზია ჰქონდა. საგამომცემლო საქმეში მის პირველ სერიოზულ საქმედ შეიძლება ჩაითვალოს 1728 წელს მარტინ ლუთერის თხზულებათა თერთმეტტომეულის გამოცემა.
1730 წლის 26 მარტს ახალი საგამომცემლო პროექტის, პირველი გერმანული სასაუბრო ლექსიკონის შესახებ ცედლერის განცხადებამ მისივე ლაიფციგელი კონკურენტების პროტესტი გამოიწვია, რაც ქალაქ ჰალეში ცედლერის საცხოვრებლად გადასვლის მიზეზი გახდა. 1731 წლის 6 აპრილს ადგილობრივი უნივერსიტეტის კანცლერის – იოჰან პეტერ ფონ ლუდევიგის დახმარებით „გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიის“ იმპერატორის, შემდგომში უნგრეთისა და ბოჰემიის მეფისა და ავსტრიის ერცჰერცოგის) – კარლ VI ჰაბსბურგისაგან (1685-17400 წწ.) უნივერსალური ლექსიკონის დაბეჭდვის ნებართვა მიიღო (გოგოლაძე, საითიძე, 14, 2011: 536-537).
ცედლერი საგამომცემლო პროექტის დანიშნულებას გადმოგვცემს ენციკლოპედიის საკმაოდ ვრცელ სათაურში. გამომცემელი აღნიშნავს, რომ ენციკლოპედიაში შესულია ყველა სახის ინფორმაცია, რაც „აქამდე ადამიანის გონებას შეუქმნია და შეუსწორებია“. ენციკლოპედიაში შესულია დედამიწის გეოგრაფიულ-პოლიტიკური აღწერა, ასტრონომიული და ისტორიულ-გენეალოგიური ცნობები, ასევე სტატიები წეს-ჩვეულებების, ზღვაოსნობის, ნადირობის, თევზაობის, მადნის მოპოვების, მეღვინეობის, მიწათმოქმედების, მეცხოველეობის… შესახებ. ენციკლოპედიით მეტ-ნაკლებად სრული წარმოდგენა გვექმნება ეკლესიის ისტორიის, საეკლესიო პირთა, წმინდა მოწამეთა, სექტანტთა და მწვალებელთა შესახებ. მასში წარმოდგენილია ინფორმაციები გამოჩენილი სწავლულების, უნივერსიტეტების, აკადემიების, საზოგადოებებისა და მათი აღმოჩენების, აგრეთევ, მითოლოგიის, ნუმიზმატიკის, ფილოსოფიის, მათემატიკის, მეცნიერებისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგის შესახებ და ა. შ. (გოგოლაძე, საითიძე, 14, 2011: 537-538).

ცედლერი 45 წლის ასაკში, 1751 წელს, ლაიფციგში გარდაიცვალა. უნივერსალურ ლექსიკონში საქართველოს თემატიკაზე საკითხების დამუშავება-შესწავლა და სტატიების სახით შეტანა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ XVIII საუკუნის პირველ ნახევარში დასავლეთი ევროპა გარკვეულ დაინტერესებას იჩენდა ჩვენი ქვეყნის მიმართ. ევროპელ მკვლევრებს გარკვეული წარმოდგენა ჰქონდათ საქართველოზე. „აღნიშნული თვალსაზრისით, მართლაც, საინტერესო სურათს ვიღებთ: ირკვევა, რომ ევროპელი მკვლევრებისთვის ცნობილი იყო ანტიკური ხანის ბერძენი და რომაელი ავტორების..., აგრეთვე რამდენიმე ბიზანტიელი ავტორის... თხზულებებში დაცული ცნობები საქართველოს შესახებ“ (გოგოლაძე, საითიძე, 14, 2011: 538-539).

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-12-31