წმ. გიორგი მთაწმინდელის ჰიმნოლოგიური მოღვაწეობიდან

ავტორები

  • ნესტან სულავა

საკვანძო სიტყვები:

წმ. გიორგი მთაწმინდელი, გალობის მრავალხმიანობა, ეროვნული ცხოვრება

ანოტაცია

წმ. გიორგი მთაწმინდლის სამგალობლო მონაცემების თაობაზე
გიორგი მცირე თავის ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში მოგვითხრობს,
რომ გიორგი ყმაწვილობაშივე განისწავლა გალობაში. იგი ხმათა
შეწყობას ადვილად იმახსოვრებდა და ზეპირად იცოდა მთელი წლის
საგალობლები, რითაც თავის თანამგალობელთ აღემატებოდა და რითაც საოცრად ჰგავდა თავის დიდ წინამორბედებს წმ. გრიგოლ ხანცთელს და მიქაელ მოდრეკილს.
წმ. გიორგი მთაწმინდლის ჰიმნოგრაფიული მოღვაწეობის, ქართული
გალობის მრავალხმიანობისადმი მისი დამოკიდებულების შესასწავლად
საგანგებო მნიშვნელობა ენიჭება მისივე ბიოგრაფის, გიორგი
მცირის ჰაგიოგრაფიული თხზულების მონაცემებსა და წმ. გიორგი
მთაწმინდლისეული ჰიმნოგრაფიული კრებულებისათვის მის მიერვე
დართულ ანდერძებს, რომელთა გათვალისწინებით შესაძლებელი
ხდება ზოგიერთი ვარაუდის გამოთქმა მეხელთა და მათი შემდგომი
თაობის მგალობლების საქმიანობის, ქართული გალობის მრავალხმიანობის
შესახებ. მეხელთა საქმიანობა XI საუკუნის ჰიმნოგრაფებისათვის
გზამკვლევად დარჩა, რასაც წმ. გიორგი მთაწმინდლის ანდერძის
სიტყვები მოწმობს, მეხელნი მოძღურად მყვანანო. წმ. გიორგი
მთაწმინდელი ქართულ გალობას უკვე მრავალხმიანად რომ აღიქვამს,
უპირველეს ყოვლისა, ამას გიორგი მცირის ჰაგიოგრაფიული თხზულების
ტექსტი გვიდასტურებს. ივანე ჯავახიშვილმა განსაკუთრებული
მნიშვნელობა მიანიჭა ამ თხზულებაში დაცულ ცნობას წმ. გიორგი
მთაწმინდლის მიერ გაწვრთნილი ოთხმოცი ობოლი ბავშვის მიერ გალობის
ბერძნულ გვარზე, ერთხმიანი გალობის, შესრულების შესახებ
ბიზანტიის კეისრის წინაშე, რაც ბიზანტიის იმპერატორმა შენიშნა. ეს
იმას ნიშნავს, რომ მან იცოდა ქართული და ბერძნული გალობების
გვარების სხვადასხვაობა; მისი სიტყვები უცილობლად ამტკიცებენ
ქართული და ბერძნული გალობის სხვადასხვაობას.
ქართული გალობის მრავალხმიანობა ეტაპობრივად უნდა მიღწეულიყო,
თავდაპირველად, ჰიმნოგრაფიის განვითარების პირველ
ეტაპზე იგი იყო ერთხმიანი, შემდეგ გახდა მრავალხმიანი, რაც იოანე
პეტრიწს კლასიფიცირებული აქვს ხმათა მიხედვით (,,მზახრ/პირველი,
ჟირ/მეორე, ბამ/ბანი").
ქართული გალობის მრავალხმიანობის კანონიკურობას ადასტურებს
წმ. გიორგი მთაწმინდლის პოლემიკა ანტიოქიის პატრიარქთან,
როდესაც მან დაამტკიცა ქართული ეკლესიის სამოციქულო
წილხვედრილობა და დაასაბუთა მისი მრავალსაუკუნოვანი დამოუკიდებლობა.
იმ დროისათვის, როდესაც ეს პოლემიკა გაიმართა წმ.
გიორგი მთაწმინდელსა და ანტიოქიის პატრიარქს შორის, ქართული
გალობის მრავალხმიანობის კანონიკურობა აღიარებული რომ არ ყოფილიყო,
ანტიოქიის პატრიარქი წმ. გიორგი მთაწმინდელს უთუოდ უსაყვედურებდა
და ლიტურგიის არაკანონიკურობაში დასდებდა ბრალს.
წმ. გიორგი მთაწმინდელსა და ანტიოქიის პატრიარქს შორის კამათი
მოწმობს იმას, რომ ამ დროისათვის ქართული გალობის მრავალხმიანობა
საუკუნეებგამოვლილია და იგი კანონიკურია. საფიქრებელია,
რომ IV საუკუნის დასაწყისში, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად
გამოცხადებისას, საქართველოს ეკლესიის მრევლი, რომლის სმენა
საუკუნეების მანძილზე მრავალხმიან ხალხურ სიმღერასა და წარმართული
პერიოდის მრავალხმიან საკულტო გალობას იყო შეჩვეული,
დიდხანს ვერ იგუებდა ერთხმიან გალობას და მასში უთუოდ ადრევე
შეიტანდა ეროვნული მუსიკალური სააზროვნო სისტემის უპირველეს,
უმთავრეს მახასიათებელს _ პოლიფონიურობას. მრავალფეროვნება
ქართველი ერის აზროვნების, მისი ეროვნული ცნობიერების, შინაგანი
სულიერი სამყაროს გამოვლინებაა, ქართველი ერის სააზროვნო
სისტემაა. ამიტომ ქართულ საეკლესიო გალობაში მრავალხმიანობა
ადრევე შევიდა, ისევე როგორც ქართული ჰიმნოგრაფიული პოეზიის
წიაღში საგალობელთა პარალელურად არსებული ქართული ლექსის
უძველესი ფორმები, როგორც ქართულ საეკლესიო ხუროთმოძღვრებაში _ წინარექრისტიანული არქიტექტურის ელემენტები.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2017-06-20