სამეტყველო აქტივობის რაობა და მიზნები კომუნიკაციის პროცესში
საკვანძო სიტყვები:
სამეტყველო აქტივობა, კომუნიკაციური კომპეტენცია, შინაგანი და გარეგანი მეტყველება, ენის სისტემა, კოდირება და დეკოდირება, ენის ელემენტები, აზროვნება, ინტერაქციაანოტაცია
რეფორმა, რომელიც მიმდინარეობს საქართველოს განათლების სისტემაში, ითვალისწინებს ქვეყნის პრაქტიკულ ინტერესებს. ეს კი ნიშნავს ჰყავდეს მოსახლეობა, რომელსაც უცხოურ ენაზე კომუნიკაციური კომპეტენცია მაღალ დონეზე აქვს ჩამოყალიბებული. ჩვენგან ამას მოითხოვს ევროგაერთიანების გადაწყეტილებები საგანმანათლებლო სფეროში, რომელთა მიხედვითაც ევროპის ქვეყნების მოქალაქეები უნდა ფლობდნენ სულ ცოტა ორ უცხოურ ევროპულ ენას, მათ შორის ერთს – მაღალ დონეზე (ე.წ. Proficient User), მეორეს დასაშვებია - ზედა საშუალო დონეზე (ე.წ. Independent User).
უცხოური ენის სწავლებას აქვს პრაქტიკული მიზანი, მივცეთ ენის შემსწავლელს ისეთი ცოდნა, რომ მან შეძლოს უცხოურ ენაზე მეტყველება, წარმატებული კომუნიკაცია სხვა კულტურის წარმომადგენლებთან, ენის ფლობის დამოუკიდებლად გაღრმავება და გამდიდრება.
ენის სწავლა შესაძლებელია სამეტყველო აქტივობის დაუფლების მეშვეობით. სამეტყველო აქტივობის რაობისა და მიზნების დასადგენად კომუნიკაციის პროცესში საჭიროა დავაზუსტოთ ცნებები: ,,ენა", ,,მეტყველება" და ,,სამეტყველო აქტივობა". დადგენილია, რომ ენის სისტემა და მეტყველება არის ერთი ფენომენის ორი მხარე. ენის სისტემა ქმნის ენის სტრუქტურულ მხარეს, ხოლო მეტყველება – ფუნქციურს. მოლაპარაკე მეტყველებაში იყენებს ენის სისტემის ხან ერთ, ხან მეორე კომპონენტს. სამეტყველო აქტივობა კი არის მეტყველების რეალური აქტი, რომელიც არსებობს ოთხი ძირითადი ფორმით: აუდირება (მოსმენა), ლაპარაკი (საუბარი), კითხვა და წერა. აუდირება და ლაპარაკი ზეპირმეტყველებას განეკუთვნება, ხოლო კითხვა და წერა – წერით მეტყველებას. ამავე დროს აუდირება და კითხვა რეცეფტული (აღქმითი) სახეობებია, ხოლო ლაპარაკი და წერა _ პროდუქტული.
მეთოდისტთა, ფსიქოლინგვისტთა და ლინგვისტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სამეტყველო აქტივობა არის უცხოური ენების სწავლების ის ობიექტი, რომლის საშუალებითაც მიიღწევა სწავლების საბოლოო მიზანი –კომუნიკაციური კომპეტენცია.
ცოტა ხნის წინ, საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. ეს გარანტიაა საქართველოსთვის მისცეს ხარისხიანი განათლება თავის მოქალაქეებს. სტატიაში ნაჩვენებია, რომ ენა საზოგადოების არსებობის აუცილებელი პირობაა და მხოლოდ საზოგადოებაში არსებობს. ენა არის კომუნიკაციის ფორმა და საშუალება. ამდენად, იგი განისაზღვრება ამ ენაზე მოლაპარაკე ხალხის სოციალური, ეკონომიკური და კულტურული ისტორიით. ენას ვასწავლით, როგორც კომუნიკაციის, აზრების გაცვლის, ინფორმაციის მიღება-გაცემის საშუალებას. ე.ი. ,,ვასწავლით ენობრივ აქტივობას და არა მეცნიერებას ენის შესახებ“.