მევენახეობის პრობლემები თელავის მუნიციპალიტეტში
საკვანძო სიტყვები:
თელავის მუნიციპალიტეტი, წინანდალი, ნაფარეული, რქაწითელი, საფერავი, კახური მწვანე, ფერმერი, მევენახე, ვენახიანოტაცია
სტატიაში გადმოცემულია თელავის მუნიციპალიტეტში მევენახეობის დარგში არსებული თანამედროვე პრობლემები. თელავის მოსახლეობის დაახლოებით 72% დასაქმებულია სოფლის მეურნეობის დარგში და წარმოდგენილნი არიან, როგორც მცირე, ასევე საშუალო საოჯახო მეურნეობებით. ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით, კახელი მევენახეების ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა მოწეული მოსავლის გასაღება, ასევე მოძველებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, გადამამუშავებელი და სასაწყობე (სამაცივრე) ინფრასტრუქტურის სიმცირე, მიწების დანაწევრება და მისი სიშორე, ხშირად დასახლებული ადგილიდან ვენახის დაშორება ათობით კილომეტრით იზომება, თელავში არსებული ვენახების 50-60% საბჭოთა პერიოდშია გაშენებული და ოფიციალური მონაცემებითაც ვაზის ძველ ნარგაობებში დიდია მეჩხერიანობა, რის გამოც დაბალია საჰექტარო მოსავლიანობა, ყურძნის ხარისხი და სხვ.
ზემოგანხილული სიძნელეების გამო სულ ახლო წარსულში ადგილი ჰქონდა ვენახის სხვა კულტურებით ჩანაცვლებას, ვენახის გაყიდვას, მოუვლელად დატოვებას. ვენახი კახელი კაცისთვის ყოველთვის ოჯახის ეკონომიკური შემოსავლის ძირითადი წყარო იყო, მაგრამ XX ს-ის 90-იანი წლებიდან საქართველოს სოფელში განვითარებულმა მოვლენებმა ვენახს ფუნქცია დაუკარგა, შემოსავალი არასტაბილური გახადა, ჩასაბარებელი ყურძნის ფასის მუდმივმა ცვლილებებმა, ფასის დავარდნამ უარყოფითი შედეგი გამოიღო და გლეხმაც ვენახზე გული აიყარა.
ბოლო წლებში სახელმწიფოს მიერ მევენახეთა სუბსიდირებამ შედეგი გამოიღო და დაიწყეს ახალი ვენახების გაშენება, აღარ იყიდება ვენახები. როგორც ეთნოგრაფიული, ისე თელავის მუნიციპალიტეტიდან აღებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით 2014 წელს 2013 წელთან შედარებით ვენახების ფართობი 150 ჰექტრით გაიზარდა, უპირატესობა ენიჭება სამრეწველო ჯიშებს, _ რქაწითელსა და საფერავს, შედარებით მცირე ფართობზეა გაშენებული კახური მწვანე. თელავის რაიონში მევენახეობის განთქმული მიკროზონებია სოფლებში წინანდალსა და ნაფარეულში.
სოფლის მეურნეობის დარგში ჩახედული სპეციალისტების აზრით, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში არსებული პრობლემების მოგვარების საუკეთესო გზა იქნება ფერმერთა გაერთიანება კოოპერირების გზით, მაგრამ ეთნოგრაფიული მასალიდან ჩანს, რომ კოოპერატივების მიმართ ხალხს ნაკლები ნდობა აქვს, კოოპერატივის ხსენებაზე კოლექტივი ახსენდებათ და არ უნდათ. ცდილობენ თავად გაუმკლავდნენ პრობლემებს. ბოლო დროს კახეთში უკვე გაიზარდა დიდი ვენახების მფლობელ ფერმერთა რაოდენობა.
თელავის მოსახლეობისთვის ძალზე მისაღებია ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც თელავში შეიქმნება ,,ღვინის სახლი", სადაც თავად გლეხებს ექნებათ შესაძლებლობა მიიტანონ თავისი ყურძენი და დაწურონ და შემდეგ ღვინოს გაუკეთონ რეალიზაცია. როგორც გადმოგვცემენ, ეს, დაზღვევის სათანადო ამოქმედებასთან ერთად დიდ სტიმულს მისცემს მევენახეობის განვითარებას.