ეროვნული საბჭოს დაფინანსების საკითხი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამდე
(1917 წლის ნოემბერი_1918 წლის აპრილი)
საკვანძო სიტყვები:
ეროვნული ინტერპარტიული საბჭო, 1917 წლის თებერვალ-მარტის რევოლუცია, ამიერკავკასიის საგანგებო კომიტეტიანოტაცია
1917 წლის თებერვალ-მარტის რევოლუციის შემდეგ თბილისში შეიქმნა რევოლუციური ხელისუფლების ორგანოები. აპრილის დამდეგიდან ფუნქციონირებას იწყებს პოლიტიკური პარტიების ნებაყოფლობითი გაერთიანება, ეროვნული ხელისუფლების ორგანოს ჩანასახი, ეროვნული ინტერპარტიული საბჭო. იმ დროს შექმნილი რთული საერთაშორისო პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, როცა ჩვენი ქვეყნის ახლოს გადაჭიმული იყო დიდი საომარი ფრონტი, როცა რუსეთში გაჩაღდა სამოქალაქო ომი და ამიერკავკასია, მათ შორის საქართველოც, მოწყდა რუსეთთან კავშირს, საქართველოს თავის თავისათვის უნდა მიეხედა _ ქართველი ერის წინაშე დადგა საკითხი ფიზიკური არსებობის გადარჩენისა. ამ მოვლენებმა ეროვნული სახელმწიფოებრივი პოლიტიკური ორგანოს შექმნის დაჩქარებაში გადამწყვეტი როლი შეასრულეს. 1917 წლის 19 ნოემბერს შეკრებილმა სრულიად საქართველოს ეროვნულმა ყრილობამ, ამავე წლის 22 ნოემბერს აირჩია ეროვნული საბჭო. ეროვნულმა ყრილობამ დაავალა ეროვნულ საბჭოს ქართველი ერის პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური საქმეების ხელმძღვანელობა. საქართველოს დამოუკიდებელი ეროვნული ბიუჯეტი არ გააჩნდა. სწორედ ამიტომ ეროვნული ყრილობის მიერ ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ მომავალ ეროვნულ საბჭოს უნდა მისცემოდა უფლება ნებაყოფლობითი გადასახადების აკრეფისა და სესხის აღებისა „საქართველოს საქმის დასაცავად“. 1917 წლის 28 ნოემბერს სხვადასხვა საქმეების გასაძღოლად შეიქმნა სპეციალური კომისიები. მათ შორის შეიქმნა საფინანსო კომისია, რომელსაც უნდა დანიშვნოდა გამგე აღმასრულებელი კომიტეტის შემადგენლობიდან. საფინანსო კომისიის გამგედ დაინიშნა კ. მესხი. ეროვნული საბჭოს წინაშე ხშირად ისმებოდა კითხვა, თუ როგორ გაძლიერებულიყო ეროვნული საბჭო ფინანსურად. უკმაყოფილობას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ შემოდიოდა ძალიან მცირე შემოწირულობა. სწორედ ამიტომ ეროვნული საბჭო მიმართავდა ქართველ მამულიშვილებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ქართველებსაც გაეღოთ თავიანთი წვლილი და გაჭირვებაში ჩავარდნილ სამშობლოსათვის ნივთიერი დახმარება აღმოეჩინათ. გარდა ამისა, ეროვნული საბჭო სხვა ღონისძიებებსაც მიმართავდა ეროვნული საბჭოს ფონდის გაძლიერებისათვის. კერძოდ, 1918 წლის 30 მარტის ეროვნული საბჭოს დადგენილებიდან ვგებულობთ რომ: „ყველა საზოგადო და სახელმწიფო დაწესებულებათა მომსახურე პირთ თვიურად მარტიდან დაწყებული დაეჭიროს ხვედრი ჯამაგირი არა ნაკლებ 1 %-სა“. ეროვნული საბჭო ღირსეულად ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობას.