ბესიკის ელჩობის საკითხისათვის ირანში
საკვანძო სიტყვები:
ერეკლე II, სოლომონ I, ალექსანდრე ბაქარისძე, ქართლ-კახეთი, ოსმალეთი, ირანი, ქერიმ-ხანი, სულთანი, ვექილი, სულეიმან ფაშაანოტაცია
XVIII საუკუნის 70-იან წლების მეორე ნახევარში მდგომარეობა ირან-ოსმალეთს შორის უკიდურესად დაიძაბა. ოსმალეთთან ომის წინ ქერიმ-ხანისათვის მეტად ძვირფასი უნდა ყოფილიყო ერეკლეს პოზიცია. ერეკლე II ირანის ბატონობისაგან ქართლ-კახეთის ფორმალურ გათავისუფლებას დიდი ხანია დაჟინებით ცდილობდა. მეფე განსაკუთრებით უნდობლად უყურებდა ქერიმ-ხანს, რომელიც თავისთან დიდი პატივით ინახავდა ქართლის ტახტის მაძიებელს, რუსეთიდან „გამოპარულ“ ალექსანდრე ბაქარის ძეს. ერეკლე II-ს წყალობა და სიყვარულის სიტყვები ხონთქრისგან მიუვიდა. საბოლოოდ ერეკლემ ოსმალეთის მხარე დაიჭირა და მასთან ხელშეკრულებაც გააფორმა, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობია.
როგორც ჩანს, ქართლ-კახეთ-ოსმალეთის ხელშეკრულება სოლომონ მეფემ თავის საწინააღმდეგოდ მიიჩნია და ირანში დიპლომატიური მისიით ბესარიონ გაბაშვილი გაგზავნა. მისი მიზანი იყო ალექსანდრე ბატონიშვილის იმერეთში ჩამოყვანა, ქართლში აჯანყების ორგანიზება, ერეკლეს ტახტიდან ჩამოგდება და ალექსანდრე ბაქარისძის გამეფება, მაგრამ ერეკლე II-ის მოქნილმა და შორსმჭვრეტელმა პოლიტიკამ ქართლ-კახეთის სამეფოს თავიდან ააცილა კარსმომდგარი საშიშროება.