ციხიაგორის ანაბეჭდები თიხაზე
საკვანძო სიტყვები:
ციხეაგორის სატაძრო კომპლექსი, ანაბეჭდი თიხაზე, ფაიფურის ფრაგმენტები, საცხოვრებელი ნაგებობებიანოტაცია
ჩვენს მიერ წარმოდგენილ ნაშრომში განხილულია ციხიაგორის სატაძრო კომპლექსში აღმოჩენილი თიხის ფრაგმენტები, რომლებზეც აღბეჭდილია საბეჭდავთა ანაბეჭდები.
ციხიაგორის სატაძრო კომპლექსი მდებარეობს თბილისიდან ჩრდილო-დასავლეთით, მისგან 40-45 კმ-ის მანძილზე, მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს, სოფელ კავთისხევის ჩრდილოეთით (აღმოსავლეთ საქართველო). გათხრების შედეგად გამოირკვა, რომ ციხიაგორა წარმოადგენს ბორცვს 12 მეტრის სიმაღლით და 40X100მ. ფართობით.
ძვ.წ. IVს-ის ბოლოს, ან ძვ.წ. III ს-ის დასაწყისში ამ ბორცვზე აიგო დიდი სატაძრო კომპლექსი, რომელიც შემოსაზღვრულია ალიზით ნაგები კონტრფორსებიანი და კოშკებიანი გალავნით. კომპლექსის შემადგენლობაში შედის: ტაძარი, ბეღელი, მარანი, წისქვილი, პურის საცხობი, სატრაპეზო და საცხოვრებელი ნაგებობები. ტაძარში თავმოყრილია თიხაზე საბეჭდავთა ანაბეჭდების მრავალსახეობა. ანაბეჭდთა ფორმის, სიუჟეტის, გამოსახულების მანერის და სტილის მიხედვით შეიმჩნევა, როგორც აქემენიდური ირანის და მცირე აზიური, ისე ბერძნული კულტურის ზეგავლენა. ზოგიერთ ანაბეჭდზე აღბეჭდილი სიუჟეტი თავისი გამოსახვის მანერით იმდენად თავისებურია, რომ მას ანალოგიები ცნობილ სახვით ხელოვნების ძეგლებში ვერ ეძებნება, როგორც ჩანს ისინი ადგილობრივი უნდა იყოს.
ძეგლის გამთხრელის არქეოლოგ გიორგი ცქიტიშვილის 1986 წლის საველე მუშაობის ანგარიშის მიხედვით №10 სათავსოში აღმოჩენილი თიხის ანაბეჭდიანი ფრაგმენტები კედლის შესამკობ შელესილობად არის მიჩნეული. №10 სათავსოს ჩრდილო-აღმოსავლეთი კუთხე, სადაც ნანგრევი ფენის სისქე 3 მეტრს აღწევდა, მთლიანდ ფარავდა კედლის ქვის წყობას. ამ სათავსოში მთელი ეს ნანგრევი მასა ძალიან ფრთხილად და ფაქიზად გაიწმინდა. იატაკის დონიდან 3 მეტრზე აღმოჩნდა სხვადასხვა ზომის და ფორმის ჭურჭლის ფრაგმენტები, რაც ძეგლის გამთხრელებს აფიქრებინებდა, რომ ეს ჭურჭელი მეორე სართულიდან ჩამოუყვა ჩამოქცეულ სართულშორისო გადახურვას და რადგან უმრავლესობა ფრაგმენტებისა დიდ დერგებს მიეკუთვნება ვარაუდობენ ნაგებობის მეორე სართულზე საკუჭნაოს მსგავსი სათავსოს არსებობას. იატაკის დონიდან 1,5 მეტრის სიმაღლეზე ნანგრევ ფენაში აღმოჩნდა თიხის ნატეხები, რომლებსაც პირზე საბეჭდავებით ანაბეჭდები ჰქონდა დასმული.
მეათე სათავსოს აღმოსავლეთ კედელზე თითქმის ”მიკრული” იყო თიხის ანაბეჭდიანი შელესილობის მოზრდილი ნატეხი რევერსზე ოთხი ძელის ანაბეჭდით, ხოლო ავერსზე გამოსახული იყო ერთმანეთის მიყოლებით მხედრის რამდენიმე გამოსახულება, რომელიც ოთხკუთხა სახელურიანი საბეჭდავით უნდა ყოფილიყო აღბეჭდილი. თითქმის ”მიკრული” იმიტომ, რომ ამ ნატეხსა და კედლის შელესილობას შორის სხვა მასალით შევსებული სივრცე აღარ იყო. აშკარად ჩანდა, რომ მხედრის გამოსახულებიან თიხის ფრაგმენტს კარგი პირი კედლისკენ ჰქონდა მიქცეული, რის გამოც დაფიქსირდა ამ ნატეხის ჭერიდან ჩამოქცევა-ჩამოვარდნა. ასეთივე ”მიკრული” თიხის ფრაგმენტი აღმოჩნდა სათავსოს ჩრდილო კედელზეც. ამ ორი მონაცემის და სათავსოს კედლის გასწვრივ აღმოჩენილი ანაბეჭდიანი თიხის ფრაგმენტების მიხედვით ისინი კედლებისა და ჭერის შესამკობ შელესილობად არის მიჩნეული. ეს შემკობა ამ ძეგლის გამთხრელ, არქეოლოგ გიორგი ცქიტიშვილის აზრით, სათავსოს ჭერს ირგვლივ შემოუყვებოდა კედლებისა და ჭერის შეერთების ადგილას. მარანში აღმოჩენილი თიხის ანაბეჭდიანი ფრაგმენტები ქვევრზე და ჭურჭელზე იყო გადალესილი და უდავოდ ბულებს წარმოადგენენ, ასევე კარების ჩამკეტ ბულად არის გააზრებული №21 სათავსოს კარებთან აღმოჩენილი ანაბეჭდიანი თიხის ფრაგმენტი.
საქართველოს სინამდვილეში, ანაბეჭდიანი თიხის ფრაგმენტთა აღმოჩენა სინქრონულ ძეგლზე (სამადლო, ნასტაკისი – აღმოსავლეთ საქართველო) არ ფიქსირდება. ციხიაგორის სატაძრო კომპლექსის ქრონოლოგიურად მომდევნო ძეგლის ”დედოფლის გორის” მასალებში კი დიდი რაოდენობით არის აღმოჩენილი თიხის ფრაგმენტები სხვადასხვა საბეჭდავების ანაბეჭდებით, რომლებსაც ძეგლის გამთხრელები ბულებად მიიჩნევენ.
ჩვენი მოსაზრებით ციხიაგორის სატაძრო კომპლექსში აღმოჩენილი ანაბეჭდიანი თიხის ფრაგმენტები ბულებს წარმოადგენს, ბულების უმრავლესობა აღმოჩენილია №10 სათავსოში, რომლის მეორე სართული აქ აღმოჩენილი თიხის ჭურჭლის მოზღვავებული ფრაგმენტების გამო საწყობ სათავსოდ არის გააზრებული. ბუნებრივია საწყობ სათავსოში ბულების დიდი რაოდენობა უნდა ყოფილიყო, რომლებიც იმდროინდელმა ხანძარმა კარგად შემოგვინახა.
ციხიაგორის ტაძარი აშენებულია ძვ.წ. III საუკუნეში და ხანძრისაგან დანგრეულია ძვ.წ. II ს-ში და სავარაუდოდ აქ აღმოჩენილი ოთხმოცდაათი ბულა ციხიაგორის კომპლექსის დანგრევის წინა დღეს, ან დანგრევამდე რამდენიმე დღით ადრე იქნა ბეჭედდასმული.