ბიბლიურ პერსონაჟთა სახისმეტყველება მეფე-პოეტ თეიმურაზ პირველის პოემაში ,,წამება ქეთევან დედოფლისა"

ავტორები

საკვანძო სიტყვები:

თეიმურაზ პირველი, წმ. ქეთევან დედოფალი, იესო ქრისტე, მარიამ ღვთისმშობელი, გაბრიელ მთავარანგელოზი, ჰაგიოგრაფიის ჟანრი

ანოტაცია

წინამდებარე შრომაში ყურადღება გამახვილებულია აღორძინების ეპოქის შემოქმედის, მეფე-პოეტ თეიმურაზ პირველის პოემაში - ,,`წამება ქეთევან დედოფლისა" - ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, როგორიცაა ბიბლიური პერსონაჟების მოხსენიება როგორც თვით ავტორის, ასევე წმიდა ქეთევან დედოფლის მიერ. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ,,წამება" ჰაგიოგრაფიის ჟანრის სპეციფიკას მიჰყვება და ამას ამძაფრებს, უპირველესად ისიც, რომ ავტორი ღვთისმოსავია და იგი, აშკარად თუ ქვეშეცნეულად, თითქოს მთელი ცხოვრების მანძილზე ერთ ნაბიჯსაც არ დგამს ქრისტიანული ცნობიერების გარეშე, ავტორის ცნობიერებაში მუდამ არსებობენ და მყოფობენ შემოქმედი ღმერთი, იესო ქრისტე, ღვთისმშობელი, ანგელოზები, წმიდანები, რომელნიც მას გამძლეობას და შემწეობას აძლევენ. რაც შეეხება წმიდა ქეთევანს, მას სამშობლოშიც და მტრის მიწაზეც განუშორებლად აქვს სახარება, რომელიც მისი განმაძლიერებელი და განმამტკიცებელია. ,,ქეთევანიანში" მოიხსენიებიან შემდეგი ბიბლიური პერსონაჟები და წმიდანები: შემოქმედი ღმერთი სტროფთა უმრავლესობაში, იესო ქრისტე (სტრ. 5, 1-2; 52, 2), მარიამ ღვთისმშობელი (სტრ. 5, 1...), აბრამ, ისაკ, იაკობ, ელია (სტრ. 5, 1-2), ანგელოზები, გაბრიელ მთავარანგელოზი (სტრ., 38, 4; 83, 3), იოანე ნათლისმცემელი (სტრ. 41, 3), პეტრე (სტრ. 45, 3), ადამი (სტრ. 63, 2, ავაზაკი (სტრ. 67, 3), ირინე და მარინე (სტრ. 71, 4), მოსე (სტრ. 560, 4) და სხვა. თეიმურაზ პირველი პოემა ,,ქეთევანიანის" შესავალში, როგორც იყო საერთოდ მწერლობისთვის ნიშანდობლივი, თავის სიტყვას იწყებს ღმერთის, შემოქმედის მოხსენიებით და მკვეთრად გახაზავს ავტორი, რომ სანამ უშუალოდ სათქმელს გადმოსცემ, უთუოდ ყოვლისშემძლე ღმერთი უნდა ახსენო და მოწიწება გამოიხატოს მისადმი, რადგან ის არის ყველაფრის მიზეზი და სათავე, მფლობელი ორივე სიცოცხლისა.
ერთ-ერთი გამორჩეული ბიბლიური პერსონაჟი, რომელიც მოხსენიებულია პოემაში როგორც ავტორის, ასევე თვით ქეთევანის მიერ, არის აბრაამი; აგრეთვე, ნაწარმოებში მნიშვნელოვნად ჩანს ბიბლიური იაკობის სახე, რომლის განდიდების ჩვენებით ავტორი ,,წამებაში" აჩვენებს და განადიდებს ქეთევანის სახეს. წამებული თითქოს ღვთისმშობლის რანგში არის აყვანილი და ნაჩვენებია მისი სახის სრულყოფილება სათნოების კიბის მაღალ საფეხურზე მყოფისა, რომელიც ანგელოზივით მაღლა მიემართება; პეტრე მოციქულის მოხსენიება ავტორის მიერ დედის ლოცვის სტრიქონებში შემთხვევითი არ არის. აქ ხაზგასმულია ის სიძლიერე და სიმყარე, რაც პეტრე მოციქულმა გამოიჩინა და რომელიც მის სახელშია ჩატეული. ნაწარმოებში მთელი ვედრებაა გამოხატული ერთარსი შემოქმედი ღმერთისადმი, სამებისადმი, ისინი არიან ქეთევანის მოიმედე და შემწე, რომ მათ სული უნდა შეივედრონ, რაშიც დამხმარედ გაბრიელ მთავარანგელოზს მოუხმობს, რომ დაიცვან მისი სული და გადაარჩინოს სასუფეველში მოსახვედრად. აღსანიშნავია, რომ გაბრიელ მთავარანგელოზი, სულთა მცველი, ავტორის მიერ სამჯერ არის მოხსენიებული პოემაში; მოახლოებული აღსასრულის შიშით შეპყრობილი დედოფალი, ჰაერის მცველთა (ბოროტი ძალებისაგან), ძნელი სატანჯველისაგან დასაცავად გაბრიელ მთავარანგელოზს მოუხმობს. გაბრიელ მთავარანგელოზს სთხოვს დაიცვას მისი სული ბნელეთში, ბოროტი ანგელოზების ხელში რომ არ მოხვდეს. ამდენად, ბიბლიური არქეტიპული სახეების მოხმობით ქეთევან წამებულის პიროვნება მეტად ძლიერდება, სძლევს ყოველგვარ მძიმე გასაჭირს და სულიერად გაძლიერებული და გამყარებული ამაყად წარსდგება მოსალოდნელი ხვედრის წინაშე.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2016-06-05