გალაქტიონ ტაბიძის ლექსის - ,,პოემა ვეფხისა" - გააზრებისათვის

ავტორები

საკვანძო სიტყვები:

გალაკტიონი, რუსთაველი, ,,ვეფხისტყაოსანი", მოდერნისტული გააზრება

ანოტაცია

XX ს-ის პოეტთაგან რუსთაველის პიროვნებით, საზოგადოდ, ,,ვეფხისტყაოსნითა" და პოემის მხატვრული განსახოვნებებით შტაგონება, მათი წვდომა-აღქმა და ინტერპრეტაციათა ცდანი ყველაზე მეტად გალაკტიონ ტაბიძის სახელს უკავშირდება. ამ მიმართებით საყურადღებოა მისი ,,პოემა ვეფხვისა", რომელიც აღნიშნულ თემატიკაზე შექმნილ ლექსთაგან გამოირჩევა არა მარტო პოეტის აზრთწყობის თვალსაზრისით, იმითაც, რომ ცალსახად მოდერნისტულია. აქ პოეტის სუბიექტურ სინამდვილეს ,,ვეფხისტყაოსნის" მხატვრული სინამდვილე უდევს საფუძვლად, რაც ახალ გააზრებათა დასაბამი ხდება. გალაკტიონის პირად-ინდივიდუალურს რუსთველური ზოგად-საკაცობრიო განსაზღვრავს და წინამძღვრობს. ლექსის სათაური _ ,,პოემა ვეფხვისა" _ რუსთველის პოემის გალაკტიონისეულ ხედვასა და აღქმას ითავსებს, კერძოდ, ლექსის სახელდებაში,  ,,ვეფხისტყაოსნისგან" განსხვავებით, არ ჩანს ვეფხვის ტყავის მატარებელი გმირი და მხოლოდ ნესტანის სახე-სიმბოლო, ვეფხვი, წარმოჩნდება. ვფიქრობთ, ამგვარი სახელდება მკითხველზეა ორიენტირებული, რათა იმთავითვე გაცხადდეს ლექსის თემატიკა, სათაურშივე ჟანრის მითითება კი თვალნათლივ გამოკვეთს ,,ვეფხისტყაოსანთან" კავშირს. ლექსი ,,პოემა ვეფხვისა" მრავალგანზომილებიანი შრისაგან შედგება _ ,,ვეფხისტყაოსნის" მხატვრული სინამდვილისა და მხატვრული ენის წიაღში გალაკტიონის პირად-ინდივიდუალური განწყობა, სიზმრისეული წარმოსახვა და ალუზია-რემინისცენციები იჭრება. აქ თავჩენილი მხატვრული პარადიგმები (წმინდა რუსთველურ ორიგინალურ სახექმნადობებთან ერთად) პოეტის მიერ სხვადასხვა კულტურული კოდების, სიმბოლოების, ალუზიების, რემინისცენციების მოხმობით წარმოჩნდება. იქმნება ერთგვარი ქრონოტოპული კოლაჟი _ განსხვავებულ კულტურულ სამყაროთა (ინდოეთისა და არაბეთის, ეგვიპტის, საბერძნეთის და სხვ.) ხილვა-ჩვენებების მონაცვლეობა ზოგჯერ ლოგიკური კავშირების აღქმას აძნელებს, თუმც ფსიქოლოგიური კავშირი შენარჩუნებულია, რამეთუ ყოველივე ,,ვეფხისტყაოსნის" სიღრმისეულ შინაარსს მიემართება. ამგვარ წაკითხვას ამოწმებს ,,ვეფხისტყაოსნისეული" პასაჟების გარდათქმათა ჩართვა, რომლებიც მკითხველს რუსთველის ნათქვამისაგან მოწყვეტის საშუალებას არ აძლევს. ამა თუ იმ კულტურულ სივრცეთა წარმოსახვა არაორდინარული პოეტური ხილვებით სრულდება, რომლებიც კვლავ და კვლავ პოეზიას უკავშირდება. ლექსის მხატვრულ სინამდვილეში დროით განუსაზღვრელი სხვადასხვა კულტურული კოდების დანახვა-შემოტანას გარკვეული მიზანდასახულობა და ფუნქცია აქვს: რუსთველის გენიალობის, მისი ხედვის მასშტაბურობის, ,,ვეფხისტყაოსნის" ყოვლისმომცველი შინა-არსის, მისი უნივერსალობის ჩვენება. პოეტი რუსთველის ქმნილებაში საყოველთაო სიბრძნესა და ჭეშმარიტებას, ყველა ეპოქის სუნთქვასა და ფერს შეიგრძნობს და ხედავს, აღმოსავლეთივით ძველს და ამავდროულად _ მარად ახალს, განახლებადს. 22
ლექსის ტაეპები, ვფიქრობთ, ორი მიმართულებითაა წასაკითხი: ჰორიზონტალურითა და ვერტიკალურით, რადგან მათში ,,ვეფხისტყაოსნის" პასაჟებთან ერთად, შესაძლებელია, გალაკტიონის თანადროული ყოფის, არსებული სინამდვილის ამოკითხვა. ,,პოემა ვეფხვისა" ერთიანად იტევს ,,ვეფხისტყაოსნის" შინა-არსს, ამქვეყნიურის იმქვეყნიურთან მიმართებას და უმთავრესს, ,,ადამიანურს", რომელიც რუსთველის ეპოქის მთავარი სიახლეა, რენესანსულობის გამომხატველი, თუმც კი _ გალაკტიონის ეპოქისათვის ერთობ შორეული. გალაკტიონი ერთგვარი მედიუმია რუსთველსა და მკითხ-ველს, შესაძლებელსა და შეუძლებელს, რეალურსა და მიღმურს, არსებულსა და სასურველს შორის. ლექსში ,,პოემა ვეფხვისა" უკიდეგანო გამომსახველობითი შესაძლებლობების მეშვეობით მოძრაობა რეალურიდან რაღაც უცნობისა და ამოუცნობისკენ მიემართება. სასრულში უსასრულოს ძიება-ჭვრეტა, რეალურში წარმოსახულის, თვალით არნახულის ხილვით გაცხადება, მრავალგვარი და მრავლისმეტყველი ასოციაციები, იდუმალების ესთეტიკით გამსჭვალული გაუცნაურების შეგრძნება გალაკტიონსა და მკითხველს ერთ მთლიანობად აქცევს.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2019-06-20