ტოპონიმი ჯგერილია//ჯგირელია და ქრისტიანული ღვთისმსახურების ენა ადრეული შუა საუკუნეების დასავლეთ საქართველოში

ავტორები

  • იგორ კეკელია

საკვანძო სიტყვები:

ტოპონიმი, ეკლესია, ღვთისმსახურება, ენა, ქადაგება, ქრისტოლოგია, სტატუსი, პოლიტიკა

ანოტაცია

წინარექრისტიანულ და ქრისტიანულ ხანაში აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის, დღეს აფხაზეთად სახელდებულ ტერიტორიაზე ბერძნული კოლონიების არსებობისა და ადგილობრივ მოსახლეობასთან ბერძენთა საქმიანი, სავაჭრო, პოლიტიკური, რელიგიური ურთიერთობების პირობებში, ყოველი ენა და განსაკუთრებით დიდი კულტურის მქონე ბერძნული ენა, გავლენას ახდენდა ადგილობრივი ხალხის ენაზე. ცხადია, პირველი ქრისტიანი მქადაგებლები – ანდრია პირველწოდებული და სვიმონ კანანელი, დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, ეგრის-აფხაზეთში, ბერძნულად ეწეოდნენ პროპაგანდას და, ა. ბაქრაძის მოსაზრებით, ამასთანავე, ყოველთვის ცდილობდნენ დამწერლობისა და მწიგნობრობის შექმნას ადგილობრივ ენაზე, რადგან ხალხისათვის ქრისტეს მოძღვრების მშობლიურ, ადგილობრივი მოსახლეობისათვის გასაგებ ენაზე ქადაგება ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია.
დამოწმებული და გაანალიზებული წერილობითი წყაროებით, საზოგადო ლექსიკით და ტოპონიმებით ნათელი ეფინება იმ ფაქტს, რომ IV-IX საუკუნეებში ბიზანტიის ძლიერი პოლიტიკურ-რელიგიური გავლენის ქვეშ მყოფი კოლხეთის შავიზღვისპირეთ-ში, საეკლესიო ღვთისმსახურება, ბერძნული ენის პარალელურად, ფრაგმენტულად მაინც, ადგილობრივ, კოლხურ (ზანურ) ენაზეც მიმდინარეობდა. არც ისაა გამორიცხული, რომ საოჯახო თუ საეკლესიო განათლების წყალობით კოლხეთის ადგილობრივი ელიტარული საზოგადოება ბერძნულს, როგორც ბერძნულ-ბიზანტიურ სამყაროსთან ურთიერთობის ერთადერთ საშუალებას, ძალიან კარგადაც ფლობდა, რამაც განაპირობა ყველაზე აუცილებელი საღვთისმეტყველო, ქრისტოლოგიური ტერმინების გადმოღება კოლხურში, თარგმნის, კალკირების ან მშობლიური ენის წიაღში ეკვივალენტების მოძიების გზით.
თქმულის დასტურად უნდა მივიჩნიოთ ტოპონიმი ჯგერილია//ჯგირელია „წმინდა ელია“ – მინდვრისა და წყაროს სა-ხელწოდება ეკის მთის კალთაზე, სოფ. საჩიქობავოში (სენაკის მუნიციპალიტეტი).

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-06-25