გამოღვიძებული ერინიები

ავტორები

საკვანძო სიტყვები:

აგამემნონი, ერინიები, მარკესი, ოდისევსი, ორესტე, ფრიში

ანოტაცია

თანამედროვე ლიტერატურაში ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟების შემოყვანა უცხო არ არის. მაგრამ ზოგჯერ ეს პერსონაჟები განსხვავებული სახით, არაპირდაპირი ხსენების გზით ხვდებიან ლიტერატურაში და მათი ამოცნობა საკმაოდ რთულდება. ერთ-ერთი ასეთი რთულად ამოსაცნობი ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟია სამი ერინია, რომლებიც ოჯახური სიმშვიდის დარღვევაში (იქნებოდა ეს ინცესტი თუ მკვლელობა) ბრალდებულ დამნაშავეებს სჯიდნენ. მაქს ფრიშის რომანში “ჰომო ფაბერი” და გაბრიელ გარსია მარკესის მოთხრობაში “გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა” ერინიები თავისი ნამდვილი სახით არ რეცეფცირდებიან. ფრიშთან “მძინარე ერინია” ქანდაკებაა, რომელიც მუზეუმშია გამოფენილი. რომანის პერსონაჟები, ვალტერ ფეიბერი და ზაბეტი, აღმოაჩენენ, რომ დაძინებული ერინია არა მარტო იღვიძებს, არამედ განრისხებულ სახესაც იღებს, როცა მას “ვენერას დაბადებასთან” დამდგარი უყურებ. ხელოვნების ეს ორი ნიმუში – “მძინარე ერინია” და “ვენერას დაბადება” - უნდა ასახავდეს რომანის მთავარ არსს: ვენერას დაბადებას აკრძალული სიყვარულის დაბადება უკავშირდება. ვენერა სიყვარულის ქალღმერთია და მისთვის არანაირი სიყვარული არაა აკრძალული და ის ყველანაირ შეყვარებულებს მფარველობს. სამაგიეროდ, ვენერას მხარეს გადასულ პერსონაჟებს ავიწყდებათ, რომ იქვე ერინიასაც სძინავს და მისი გაღვიძება და მისი მრისხანების გამოწვევა ადვილია, როცა დანაშაულს სჩადიხარ. გველისთმიან ერინიას სასჯელი უნდა იყოს ის, რომ რომანის ერთ-ერთი დამნაშავე პერსონაჟი, ზაბეტი, გველის კბენის შემდეგ იღუპება. გაბრიელ გარსია მარკესთან კი ერინია მკითხველს მაშინ ახსენდება, როდესაც ხვდება, რომ მკვლელი ძმები ვიკარიოები ისევე ვერ იშორებენ სისხლს, სუნს და უძილობას, როგორც ვერ იშორებენ მკვლელები სამ ერინიას ბერძნულ მითოლოგიასა და ლიტერატურაში. ძაღლისთავიანი ერინიები ყეფით დასდევენ დამნაშავეებს, ვერ აშორებენ აყეფებულ ძაღლებს ვერც მოკლული სანტიაგო ნასარის ცხედარს მოთხრობაში. ეს პასაჟი ცრუერინიებს ავლენს, ძაღლები არ უნდა წარმოადგენდნენ ნამდვილ ერინიებს, ნამდვილი ერინიები სხვა დამნაშავეს – ტყუპ ძმებ ვიკარიოებს - მისდევენ, შესაბამისად, არც მოკლული სანტიაგო ნასარი უნდა იყოს დამნაშავე. მკითხველს რომ მინიშნებების გამოცნობა გაუადვილოს, მარკესი მოთხრობას იწყებს ერთი შედარებით. მოკლული შედარებულია ღორს, რამაც მკითხველს უნდა გაახსენოს “ოდისეას” შესაბამისი მონაკვეთი - როცა ოდისევსს აგამემნონი უყვება თავისი სიკვდილის ამბავს. აგამემონი კი ის პერსონაჟია, რომლის სიკვდილის გამოც შური იძია ორესტემ და რომელსაც მოსვენებას არ აძლევენ და დასდევენ ერინიები. ერინიების მოშორება ორესტესგან მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ათენა დაარწმუნებს მათ, რომ შურისძიების ნაცვლად, სამართალი უნდა დაიცვან. ფრიშმაც და მარკესმაც ახლებური საინტერესო შტრიხები შემატეს ბერძნული მითოლოგიის პოპულარულ პერსონაჟს – სამ ერინიას _ და თავიანთ ნაწარმოებებში ერინიების შემოყვანით მკითხველს მოთხრობილი ამბების ახლებური ინტერპრეტაციის საშუალება მისცეს.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2019-06-20