სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებების დინამიკა ქართულ სოფელში
(სამცხე-ჯავახეთის ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით)
საკვანძო სიტყვები:
სოფელი, კოლექტივიზაცია, რეფორმა, დემოგრაფია, სოციალური დახმარება, მესაქონლეობა, მევენახეობა, „მთის კანონი“ანოტაცია
ნაშრომი ეხება მე-20 საუკუნეში მესხეთის სოფლებში მომხდარ სოციალურ-ეკონომიკურ ცვლილებებს და იმ პრობლემებს, რომლებიც საკუთრების ფორმის ცვლილებებს მოჰყვა. საქართველოში, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საფუძვლის - საკუთრების ფორმის ფუნდამენტურმა ცვლილებებმა (XX საუ-კუნეში ორჯერ შეიცვალა საკუთრების ფორმა: 20-იან წლებში კერძო საკუთრება და საბაზრო ურთიერთობები შეცვალა სახელმწიფო საკუთრებამ და გეგმიურმა ეკონომიკამ, საუკუნის მიწურულს კი პირუკუ პროცესები განვითარდა) თავისებური დაღი დაასვა ადამიანების შრომით, საზოგადოებრივ, კულტურულ, ეკონომიკურ, ფსიქო-სოციალურ ურთიერთობებს.
სტატიაში ნაჩვენებია, როგორი დამანგრეველი შედეგები მოიტანა გასული საუკუნის 30-იან წლებში განხორციელებულმა კოლექტივიზაციის პროცესმა და სოფლის მოსახლეობაზე განხორციელებულმა ძალადობრივმა მეთოდებმა. ასევე საუკუნის დასასრულს ჩატარებულმა აგრარულმა რეფორმამ, რომელიც, მისგან გამოწვეული მიზეზების ანალიზისას ჩანს, რომ საკმაოდ მოუმზადებლად და მთელი რიგი ფაქტორების გაუთვალისწინებლად განხორციელდა.
საქართველოსთვის, როგორც აგრარული ქვეყნისათვის, მნიშვნელოვანია განვითარებული სოფლის მეურნეობა. განვითარებადი ქვეყნის სტატუსმა და იაფმა იმპორტირებულმა სოფლის მეურნეობის პროდუქტმა კი მნიშვნელოვნად დააზარალა ქართული სოფელი.
ეთნოგრაფიულ მასალაზე დაყრდნობით ნაშრომში გამოვყავით ის ძირითადი მიზეზები, რამაც მნიშვნელოვნად დააზარალა განვითარებული სოფლის მეურნეობა მესხეთში და ამ ფონზე გვეჩვენებინა ხალხის დამოკიდებულება სოციალური პროექტების მიმართ, სოფლიდან მოსახლეობის მიგრაციის მიზეზები და სხვ.
საკითხის შესახებ შეკრებილი ეთნოგრაფიული მასალა აჩვენებს, რომ საქართველოში 90-იან წლებში ჩატარებულმა აგრარულმა რეფორმამ და მართვის სტილის შეცვლამ პროგრესის ნაცვლად საწინააღმდეგო შედეგი გამოიღო, სოფლად მაცხოვრებელთა ეკონომიკური დონე გაუარესდა და სოფლის ინფრასტრუქტურა მოიშალა, გაიზარდა უმუშევრობა, წარმოიშვა სოციალური და დემოგრაფიული პრობლემები.
საყურადღებოა სოფლის მცხოვრებთა შეხედულებები ზემოაღნიშნული პრობლემების გადაჭრის გზების შესახებ: მათ მიაჩნიათ, რომ სოფლად სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული დანიშვნის წესი აუცილებლად შესაცვლელია, რადგან გარკვეულწილად სოფლის მეურნეობის განვითარების შემაფერხებელ ფაქტორად იქცა; აუცილებელია სოფლის მცხოვრებთათვის ალტერნატიული დასაქმების გზების გამონახვა და სხვ.
სამცხე-ჯავახეთის სოფლების ნაწილი მაღალმთიან ზონაშია მოქცეული, ამიტომ მიუხედავად გარკვეული ხარვეზებისა, სტატიაში ნაჩვენებია „მთის კანონის“ მიხედვით ამოქმედებული სოციალური შეღავათების მნიშვნელობა სოფლად დემოგრაფიული ფონის გაუმჯობესების საქმეში.