სასკოლო განათლებაში მიმდინარე ზოგიერთი ცვლილების შესახებ
საკვანძო სიტყვები:
სასწავლო პროექტი, ჯავახეთის დაცული ტერიტორიები, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, კომპლექსური დავალებაანოტაცია
ჯერ კიდევ მეორე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ეტაპზე, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ფართოდ გავრცელდა პროექტებით სწავლება, რამაც შესამჩნევად გაზარდა სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა; ხელი შეუწყო მათში მაღალი სააზროვნო უნარების (ანალიზი, შეფასება, სინთეზი) განვითარებას და ოცდამეერთე საუკუნის ადამიანისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, როგორიცაა: 1) სწავლისა და გამომგონებლობის, 2) საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური და 3) სასიცოცხლო და კარიერული უნარები.
ამავე პერიოდში, სამცხე-ჯავახეთის სკოლებთან თანამშრომლობის დროს, ჩვენთვის საყურადღებო აღმოჩნდა, რომ აღნიშნული სკოლების მოსწავლეები სათანადოდ არ ფლობდნენ ინფორმაციას რეგიონის საკითხებზე, მაგალითად, საბაზო საფეხურის მოსწავლეები არ ფლობდნენ საკითხს ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შესახებ მაშინ, როდესაც, იმ ხანად, მეორე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმით, დაცული ტერიტორიების საკითხი ისწავლებოდა მეექვსე კლასის ბუნებისმეტყველების საგანში. ამდენად, გადავწყვიტეთ მეექვსე კლასის მოსწავლეებთან სასწავლო პროექტის განხორციელება ბუნებისმეტყველების საგანში ჯავახეთის დაცული ტერიტორიების თემაზე, კონკრეტულად, ჯავახეთის ფლორისა და ფაუნის დაცვითი ღონისძიებების საკითხებზე.
პროექტის განხორციელება განაპირობა ასევე მოსწავლეთა სურვილმა - უკეთესად შეესწავლათ სამცხე-ჯავახეთის მხარეში დაცული ტერიტორიები. გავითვალისწინეთ ასევე ის გარემოება, რომ საკითხი ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შესახებ სახელმძღვანელოებში სრულყოფილად არ იყო წარმოდგენილი და განხილული.
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სასწავლო პროექტი დაუკავშირდა რეალურ ცხოვრებას. შეფასების ეტაპზე, პროექტი დადებითად შეფასდა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მათი მშობლების მიერ და მათი მხრიდან გამოითქვა სურვილი მომავალშიც ამ სახის აქტივობების განხორციელების თაობაზე.
მომდევნო, 2018-2019 სასწავლო წელს, როდესაც უკვე სკოლის დაწყებით საფეხურზე ამოქმედდა მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა (2018-2024), გადავწყვიტეთ დაცული ტერიტორიების საკითხებზე სასწავლო აქტივობების განხორციელება კვლავ მეექვსეკლასელებთან; სასწავლო აქტივობები შევარჩიეთ ბუნებისმეტყველების წლიური პროგრამის მიხედვით. პროგრამის შინაარსისა და სარეკომენდაციო აქტივობების გათვალისწინებით განვსაზღვრეთ მიმართულებები და მისაღწევი შედეგები. მოსწავლეები ხალისით ასრულებდნენ მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად შედგენილ კომპლექსურ დავალებებს; დაწერეს ესეები, მოამზადეს პროექტი, შეეცადნენ საველე-გასვლითი სამუშაოს ანგარიშის მომზადებას და სხვ.
შემაჯამებელ შეხვედრაზე მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და მოსწავლეთა მშობლებმა გააანალიზეს შესრულებული სამუშაოები და გაწეული მუშაობა დადებითად შეაფასეს. მშობლებმა მოიწონეს კომპლექსურ დავალებებზე მუშაობის პროცესი და აღნიშნეს, რომ კომპლექსური დავალებისადმი შემოქმედებითი მიდგომა ყველა მოსწავლეს აძლევს სამუშაოს შესრულების საშუალებას.
შეჯამების ეტაპზე ასევე აღინიშნა, რომ გასულ სასწავლო წლებთან შედარებით, პროექტებით სწავლების პროცესში, თუ პროექტებზე მუშაობა იწყებოდა თეორიული ნაწილის შესწავლის შემდეგ, სასკოლო განათლებაში მიმდინარე ცვლილებების ეტაპზე, ამ შემთხვევაში, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად კომპლექსური დავალებების შესრულებისას სწავლების დასაწყისშივე იწყება მუშაობა, მაგალითად, პროექტის შესრულება და მოსწავლეები სასწავლო ერთეულის თემატიკას კონკრეტულ პროექტთან სწავლის პროცესშივე აკავშირებენ.
ამ სახით მუშაობა მოსწავლეებს სწავლისადმი პოზიტიურად განაწყობს, ზრდის საკითხით მათ დაინტერესებას და ამზადებს ცხოვრებისთვის. გარდა ამისა, მოსწავლეთა მშობლებმა სასწავლო პროცესში სწორად გააცნობიერეს საკუთარი როლი და ამ პროცესში აქტიურად ჩართვის სურვილი გამოთქვეს.