„გამოსალმება“ ალექსანდრე ყაზბეგის პოეზიაში

ავტორები

საკვანძო სიტყვები:

ალექსანდრე ყაზბეგი, „გამოსალმება“, ბედი, ტანჯვა, სამარე

ანოტაცია

ალექსანდრე ყაზბეგის პოეზიაში წამოჭრილი პრობლემები ადამიანის ამქვეყნიური ცხოვრების არსებობის თანამდევი განუყოფელი ნაწილია. მისი შემოქმედება დასტურია იმისა, რომ შემოქმედის მხატვრული სიტყვა ღრმა ფსიქოლოგიზმით, ემოციითაა დატვირთული, რადგან რელიგიური სამოსით შემოსილი ამქვეყნიური ტკივილები ადამიანშია განთავსებული და წუთისოფლურ პრობლემებად განიცდება, რადგან თვით ადამიანის არსებობაა დაკავშირებული ცოდვიან მიწიერ გარემოსთან.
ალექსანდრე ყაზბეგმა თავისი ნაწარმოებებით ღრმად წარმოაჩინა ეპოქის სულისკვეთება, სამყაროს მხატვრული გააზრების გარკვეული თავისებურებები, რომელთაც სიღრმისეული ამოცნობა სჭირდება; ალექსანდრე ყაზბეგი, როგორც შემოქმედი, ლიტერატურის ხელოვნებაში თავს იმკვიდრებს არა მარტო პროზით და დრამატული ნაწარმოებებით, არამედ პოეზიითაც, რომელთა განხილვა ნათელს ჰფენს ერთ მთავარ ჭეშმარიტებას _ პოეზიის სტრიქონებში არანაკლებ სიღრმით განცდილია ეპოქის სატკივარი, ზედაპირზეა ამოტანილი და მკითხველის თვალწინ გათვალსაჩინოებული საკუთარი სულიერი ტკივილი, რომელიც პირადულიდან ღმერთის, სამშობლოს, ერისაკენაა მიმართული და საერთო ზოგად ტანჯვად, კვნესად და ცრემლად არის გარდაქმნილ-გარდასახული.
ალექსანდრე ყაზბეგის მსოფლმხედველობრივ არეალში ირეკლება უკლებლივ ყველა ის პრობლემა, რაც წუთისოფელს თან სდევს და თავმოყრილია ადამიანში, რათა წუთისოფელშივე მოგვარდეს და ისე შეუერთდეს მეორე გარდაუვალ რეალობას; შემოქმედის პოეზიის ნიმუშებში აშკარად გამოკრთის სულის ტკივილი, გმინვა, ოხვრა, კვნესა, ფიქრი ადამიანის ხვედრის, წარმავალი სიცოცხლის, გულში გაჩენილი მრავალი იარის, სიყვარულის საკითხის შესახებ, სიკვდილი _ გულის იარის მკურნალად რომ არის დასახული და სხვა. ავტორს ეს პრობლემები მთელ პოეზიაში იმგვარად აქვს განხილული, რომ ერთ მთლიან პრობლემად გაიაზრება, რასაც კრავს ფსიქოლოგიზმი, ტრაგიზმი, რაც დამახასიათებელია ალ. ყაზბეგის ნააზრევისათვის, როგორც პერსონაჟთა სახეში განხორციელებული, ასევე თითოეულ საანალიზო პრობლემაში მომეტებული ემოციური მუხტით გაჯერებული. ტრაგიზმი შემოქმედისა და ეპოქისა ერთადაა შეზავებული, ერთიანობაში ეს პრობლემები ერთ სააზროვნო სივრცეში განფენას ექვემდებარება, სწორედ კვლევაც ამ კუთხით, ასეთი სააზროვნო სივრცით ჭრილში მესახება და არა დანაწევრებულად.
ნაშრომში რამდენიმე ლექსის ანალიზის საფუძველზე მოცემულია ალექსანდრე ყაზბეგის პოეზიის მხატვრულ სიტყვაში განსახოვნებული მართალი, საღი აზრი, რომლითაც ეზიარა არა მარტო მიწიერი ცხოვრების სიკეთეს, არამედ საღვთო წიაღს, რომელმაც შემოქმედის დაუდგრომელი, ემოციური სულიერი ბუნება კიდევ უფრო აამაღლა და სიცოცხლისუნარიანი გახადა.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-06-15