ლიტერატურული მითოლოგიზმი - საბჭოთა სინამდვილესთან მსოფლმხედველობრივი დაპირისპირების მხატვრული ხერხი

(კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენის“ მიხედვით)

ავტორები

  • ქეთინო გრძელიშვილი

საკვანძო სიტყვები:

ლიტერატურული მითოლოგიზმი, რემითოლოგიზაცია, მორიელი, სატანა, შავჩოხიანი წითური კაცი, ცეცხლისფერი, საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმი

ანოტაცია

ნაშრომში წარმოჩენილია მითისა და მხატვრული ლიტერატურის ურთიერთობის თემა, რომლის კვლევა ლიტერატურათმცოდნეობაში ფუნდამენტურ საკითხადაა მიჩნეული და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ავტორის მხატვრული ჩანაფიქრის გასააზრებლად. მხატვრულ ტექსტებში მითოსურის კვლევა საშუალებას იძლევა ფარდა აეხადოს ბევრ ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა მწერლის მსოფლმხედველობრივი, ეთიკური თუ მხატვრულ-ესთეტიკური თვალთახედვა. ნაშრომში საუბარია იმაზე, რომ მხატვრულ ლიტერატურაში მითის კვლევა ძალზედ საინტერესო პროცესია, მაგრამ ამ მიმართულებით მოდერნისტულ მწერლობას ვერაფერი შეედრება, რადგან მოდერნიზმმა მითოპოეტურ აზროვნებას ახალი სიცოცხლე და განზომილება მისცა. რემითოლოგიზაციის შეუქცევადმა პროცესმა მწერლობას ახალი სული შთაბერა, ლიტერატურათმცოდნეობაში კი ახალი ტერმინი, „ლიტერატურული მითოლოგიზმი“ დაამკვიდრა. სწორედ ამ მხატვრულმა ხერხმა, როგორც ოსტატურად მორგებულმა ნიღაბმა, იხსნა ფიზიკური განადგურებისგან კონსტანტინე გამსახურდია, რომელმაც მეოცე საუკუნის 30-იან წლებში, სტალინიზმის მკაცრ ეპოქაში, მითის ახლებური გააზრებით სილა გააწნა საბჭოთა ტოტალიტარულ სისტემას.
ნაშრომში შენიშნულია, რომ „დიდოსტატის მარჯვენაში“ ლიტერატურულ მითოლოგიზმს მრავალმხრივი ფუნქცია აკისრია. მითოსური მოტივები, არქეტიპები, ბიბლიური ალუზიები ემსახურება როგორც ავტორის მხატვრულ ჩანაფიქრს, ასევე მხატვრული დროისა და სივრცის, სიუჟეტისა და სტრუქტურის მოდელირებას, მხატვრულ სახეთა აგებას. ნაშრომში გამოწვილვითაა შესწავლილი მორიელის მხატვრული სახე, რომელიც „დიდოსტატის მარჯვენაში“ ითავსებს რამდენიმე მხატვრულ ფუნქციას: 1. ემსახურება არსაკიძის მხატვრული სახის განვითარებას; 2. გამოიყენება, როგორც რომანის სტრუქტურის მნიშვნელოვანი ელემენტი; 3. გამოხატავს ავტორის დამოკიდებულებას თანადროულ ეპოქასთან, კერძოდ, წარმოაჩენს ავტორის მსოფლმხედველობრივ დაპირისპირებას საბჭოთა ტოტალიტარულ რეჟიმთან.
კვლევამ აჩვენა, რომ კონსტანტინე გამსახურდია ჯერ კიდევ 1927-28 წლებში მორიელის მხატვრული სახის შექმნით (ნოველა „ტაბუ“) უპირისპირდებოდა საბჭოთა ეპოქას, ნოველაში წარმოჩენილი „შავჩოხიანი, წითური კაცი“ სატანის, მორიელის, მხატვრული სახეა და ერთგვარად იწვევს საბჭოთა ტოტალური რეჟიმის ალუზიას. ეს მხატვრული სახე კონსტანტინე გამსახურდიამ წარმატებით გამოიყენა სტალინიზმის ეპოქაშიც. რომანში „დიდოსტატის მარჯვენა“ (დაიწერა 1937-38 წლებში) მორიელი თავად განასახიერებს საბჭოთა ტოტალიტარულ სისტემას და ორგანულად უკავშირდება ხელოვანისა და ხელოვნების მარადიულობის საკითხს. სვეტიცხოვლის მშენებელს ცეცხლისფერი მორიელები გესლავენ. ცეცხლისფერი, ისევე როგორც წითელი, ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის ფერია, საბჭოთა ეპოქის ფერი. აქ აშკარად იკვეთება 30-იანი წლების ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში განვითარებული მოვლენები: უსამართლოდ დახვრეტილი ადამიანები: მწერლები, პოეტები, რეჟისორები, სამხატვრო ხელმძღვანელები.., რაც საბჭოთა სინამდვილესთან მწერლის მსოფლმხედველობრივი დაპირისპირების საოცარი ნიმუშია.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-06-15