X-XIX საუკუნეების წყაროები ათონის ქართველთა მონასტრის შესახებ

ავტორები

საკვანძო სიტყვები:

ივირონი, წყარო, ჰაგიოგრაფიული, ჰიმნოგრაფიული, ისტორიულ-დოკუმენტური თხზულებები, საბუთები, აღაპები, წარწერები

ანოტაცია

ათონის ქართველთა მონასტრის დაარსების ისტორიისა და პირველმოღვაწეთა ცხოვრების შესახებ მდიდარი და მრავალფეროვანი წყაროებია შემონახული ქართულ, ბერძნულ და სხვა ენებზე. რაობის თვალსაზრისით გვაქვს ჰაგიოგრაფიული, ჰიმნოგრაფიული, ისტორიულ-დოკუმენტური თხზულებები და საბუთები, აღაპები, წარწერები, ხატები, ფრესკები. ესენია:
1. უპირველესი წყაროა ათონის კრებულის სახელით ცნობილი ხელნაწერი A-558, რომელიც რამდენიმე განსხვავებული ჟანრის თხზულებებს მოიცავს და „სამახსოვრო წიგნად“ იყო მოაზრებული. ესენია: ათონის მონასტერში შექმნილი „მოსაჴსენებელი“, რომლის ავტორია ბასილი ბაგრატის ძე მთაწმინდელი (კ. კეკელიძე, ე. მეტრეველი, ე. გაბიძაშვილი); ბასილისავე საგალობლები, რომლებიც ეძღვნება წმ. იოვანე და წმ. ეფთვიმე მთაწმინდელებს; წმ. გიორგი მთაწმინდელის ჰაგიოგრაფიული თხზულება, რომელიც ცალკე უნდა დასახელდეს, რადგან ყველაზე სრულყოფილად სწორედ ის მოგვითხრობს ათონის ქართული მონასტრის დაარსების ისტორიას და მისი დაარსების მიზანდასახულობას.
2. წმ. გიორგი მთაწმინდელის (1009-1065 წწ.) ჰაგიოგრაფიული თხზულება „ცხორებაჲ ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანესი და ეფთვიმესი და უწყებაჲ ღირსისა მის მოქალაქობისა მათისაჲ, აღწერილი გლახაკისა გეორგის მიერ ხუცესმონაზონისა“, რომელიც 1042-1044 წლებში შეიქმნა;
3. ჰაგიოგრაფიული თხზულება „ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გიორგი მთაწმიდელისაჲ“, რომელიც 1066-1068 წლებში გიორგი მცირემ გიორგი შეყენებულისა და იოვანე ჭყონდიდელის დაკვეთით დაწერა; აქვე უნდა დავასახელოთ წმ. გიორგი შეყენებულის საგალობლები, რომლებიც გიორგი მცირის თხზულების დაწერის შემდეგ შეიქმნა და მიეძღვნა წმ. გიორგი მთაწმინდელს;
4. ქართულ წყაროებზე დაყრდნობით ივირონის დაარსებისა და ქართული მონასტრების აშენების შესახებ მოგვითხრობს XVIII საუკუნის I ნახევარში ბერძნულად დაწერილი თხზულება წმ. იოვანეს, წმ. ეფთვიმესა და გიორგი მაშენებლის ათონზე მოღვაწეობის შესახებ. იგი ჩვენამდე მოღწეულია XVIII ს-ის I ნახ-ის 2 ხელნაწერით. თხზულება ქართულად თარგმნა, გამოკვლევა, შენიშვნები და ლექსიკონი დაურთო მანანა მაჩხანელმა (მაჩხანელი, 1982);
5. ათონის ივერიის მონასტრის ისტორიის შესახებ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცნობებია შემონახული „ათონის ივერიის მონასტრის სააღაპე წიგნში“, რომელშიც X საუკუნის ბოლოდან, კერძოდ, იოვანე-თორნიკეს გარდაცვალებიდან, ე. ი. 985 წლიდან მოყოლებული, XVII საუკუნემდე კალენდარული წლის მიხედვით განლაგებული 167 მოსახსენებელია შეტანილი;
6. უნდა დავასახელოთ ათონზე დაცული ქართული და ბერძნული ხელნაწერები, ისტორიული ღირებულების მქონე ისტორიული დოკუმენტები, რომელთა კოლოფონები საკმაოდ მდიდარ და მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდიან ათონის ქართული მონასტრის ისტორიის, ქონებრივი ვითარების, საზოგადოდ, მდგომარეობისა და იქაურ ბერ-მონაზონთა ცხოვრების შესახებ;
7. ივირონის მონასტრის ისტორიის აღსადგენად ერთ-ერთი ძირითადი წყარო სავანის საცავებში დაცული ძველი ბერძნული აქტებია, რომელთა შორისაა ბიზანტიის იმპერატორების კონსტანტინე VII პორფიროგენეტის (946 და 957/8), რომანოზ II-ის (960), ბასილი II ბულგართმმუსვრელის (979/980), XI ს. იმპერატორების, კონსტანტინეპოლის პატრიარქების, ბიზანტიელი სასულიერო და სხვა საერო მოღვაწეთა მიერ გაცემული დოკუმენტები, რომელთა უმეტესობა დედნის სახითაა შემონახული. მეცნიერული თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანია პარიზში გამოცემული ივირონის აქტების ოთხტომეული, რომელიც ფრანგი და ქართველი მეცნიერების მიერ მომზადდა. გამოცემას ერთვის ცნობილი ფრანგი ბიზანტინისტის ჟაკ ლეფორის ნარკვევი. 2008 წელს თბილისში ივირონის აქტების ქართული თარგმანის ოთხტომეული გამოიცა (ივირონის აქტები ოთხ ტომად, 2008);
8. ივირონის მონასტრის X-XI საუკუნეებისა და უფრო მოგვიანო ისტორიის შესახებ ცნობები შემონახულია ათონის სხვა მონასტრების დოკუმენტებში, კერძოდ, წმ. ათანასე მთაწმინდელთან დაკავშირებულ მასალებში, აგრეთვე, რამდენიმე ბიზანტიურ და ქართულ ქრონიკაში, კერძოდ, „ქართლის ცხოვრებაში“, გიორგი კედრენეს საისტორიო თხზულებაში, იოანე სკილიცას „ქრონოგრაფიაში“ და სხვ.
9. 1511-1674 წლებით თარიღდება ბერძნულად დაწერილი თხზულება „თხრობა ივერთა უმშვენიერესი მონასტრის შესახებ“, რომელიც ყველა მონაზონმა აუცილებლად უნდა იცოდეს“, ე.ი. ქრონიკა, რომელიც XVIII საუკუნეში ქართულად ითარგმნა და შეივსო. იგი ოთხი ნაწილისაგან შედგება: პირველი ნაწილის ავტორად მითითებულია ვინმე იერომონაზონი თევდოსი. კ. კეკელიძის აზრით, შესაძლოა იგი ქართველი ყოფილიყო, მასში 1259-1264 წლების ივირონის მონასტრის მოვლენები მოკლედაა აღწერილი; მეორე ნაწილის თხრობა პირველ პირშია წარმართული და ავტორი კონსტანტინეპოლიდან გამოსული ნეოქორიონის მკვიდრი ბერძენი იერემიაა, იგი 1592-1626 წლების ამბებს ასახავს; მესამე ნაწილის ავტორიც ბერძენია და აღწერს 1659-1674 წლების ამბებს. XIX ს. ბოლოს „ქრონიკა“ გამოაქვეყნა ბერძენმა ისტორიკოსმა მ. გედეონმა, 1947-1955 წლებში შეისწავლა და გამოსცა კ. კეკელიძემ, რომელმაც ივირონის მონასტრის წინამძღვართა სია XVII ს-მდე სწორედ ამ წყაროს საფუძველზე შეადგინა;
10. XVIII_XIX საუკუნეების მოღვაწეების, გრიგოროვიჩბარსკის, ტიმოთე გაბაშვილის, იონა გედევანიშვილისა და სხვათა სამოგზაურო ჟანრის თხზულებები. ცალკე უნდა აღინიშნოს არქიმანდრიტ პორფირი უსპენსკის ნაშრომი, რომელიც 1845 წელს ივირონის მონასტერში ყოფნის შედეგად შეიქმნა; XIX საუკუნის დამლევს ათონზე იმყოფებოდა პეტრე კონჭოშვილი, რომლის ნაშრომიც მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის.
დასახელებულ პირველწყაროებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ ათონის ივერთა და სხვა ეროვნების ხალხთა მონასტრების ისტორიის, არამედ საქართველოსა და ბიზანტიის ისტორიის, ქართულ-ბიზანტიური პოლიტიკური, სამწერლო-ლიტერატურული ურთიერთობების, შუა საუკუნეების ქართული და ბიზანტიური სამყაროს სამონასტრო ცხოვრებისა და წესდებების შესასწავლად, ივერთა მონასტრის ისტორიის, განსაკუთრებით, მისი ადრეული პერიოდის საკვლევად.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-06-15