ინგლისური ნეოლოგიზმები ქართულ სოციალურ მედიაში
საკვანძო სიტყვები:
ნეოლოგიზმები, სოციალური მედია, სოციალური ქსელები, კომუნიკაცია, ლექსიკური ერთეულებიანოტაცია
სტატია ეხება ინგლისურ ნეოლოგიზმებს, რომელსაც იყენებს ფეისბუქის მომხმარებელი სტუდენტობა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ტექნოლოგიების განვითარებამ, ინტერნეტზე დაფუძნებულმა კომუნიკაციამ და სოციალური ქსელების შექმნამ წინ წამოწია სოციალური მედიის როლი. შესაბამისად გაუმჯობესდა ადამიანებს შორის კომუნიკაცია.
სოციალურ მედიას ყველაზე მჭიდრო კავშირი ინტერნეტთან აქვს და რადგან ინგლისური სიტყვები ძირითადად ინტერნეტის დისკურსიდან მომდინარეობენ შესაბამისად ისინი სოციალურ მედიაშიც ადვილად ვრცელდებიან და ფართოდ იკიდებენ ფეხს. სოციალურ მედიაში ამბები სოციალური ქსელების საშუალებით ვრცელდება. სწორედ სოციალური ქსელებია ინგლისური სიტყვების ქართულ ენაში შემოდინების ძირითადი წყარო.
სოციალურ ქსელებთანაა დაკავშირებული მთელი რიგი ინგლისური ლექსიკური ერთეულები: დომეინი, ბლოგ-პლატფორმა, სერვერი, იუზერი, პოსტი, სპამი, შეარი, პანელი, აპლიკაცია, თაიმლაინი, პროფილი, ქავერი და სხვა. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი: სერვერი (server) ოქსფორდის ლექსიკონში განმარტებულია, როგორც კომპიუტერული პროგრამა, რომელიც აკონტროლებს ან აწვდის ინფორმაციას რამდენიმე ქსელთან დაკავშირებულ კომპიუტერს. ლექსიკონებში ის ქართულად განმარტებულია, როგორც უბრალოდ - სერვერი. იუზერის (user) ქართული შესატყვისი არის მომხმარებელი, რაც სოციალურ მედიაში გულისხმობს სხვადასხვა სოციალური ქსელების მომხმარებელს. სპამი (spam) არის მიმღების თანხმობის გარეშე ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი სარეკლამო გზავნილი. რადგან ქართულში ამ ტერმინს არ დაუხვდა შესაბამისი სიტყვა სპამი დამკვიდრდა, როგორც ნეოლოგიზმი. პანელი (panel) ამ სიტყვას ბევრი განმარტება აქვს, მაგრამ სოციალურ მედიაში გულისხმობს დიდი ფორმატის ფოტოს. პროფილი (profile) სოციალურ ქსელებში გულისხმობს მომხმარებლის შესახებ მოკლე ბიოგრაფიულ, ინფორმაციულ გვერდს და ა.შ.
სტატია მიზნად ისახავს ინგლისური ნეოლოგიზმების მოძიებას და მათი გამოყენების სიხშირის შესწავლას სტუდენტებში. ნეოლოგიზმების ბევრი ქართული შესატყვისი განმარტებას ითხოვს და ხშირად ამისათვის რამდენიმე სიტყვაა საჭირო. ამის გამო მომხმარებლები მის მოკლე ვარიანტს ანიჭებენ უპირატესობას. ჩატარებული კვლევის შედეგად გამოიკვეთა ის სიტყვები, რომლებსაც ახალგზრდები ანიჭებენ უპირატესობას სოციალურ მედიაში.