უსამშობლობისა და ენისა და იდენტობის მიმართებისათვის ემიგრანტი პოეტების შემოქმედებაში მაშა კალეკოს ლირიკის მიხედვით
საკვანძო სიტყვები:
ემიგრანტული ლიტერატურა, ენა, სამშობლო, იდენტობაანოტაცია
სტატია ეხება ავსტრიული ლიტერატურის მნიშვნელოვანი წარმომადგენლის, მაშა კალეკოს ლირიკაში ენისა და სამშობლოს საკითხს. მასში მოკლედ ვეხებით ემიგრაციის, ემიგრანტი ლიტერატორი ქალების თემას და მაშა კალეკოს ცხოვრებას და მოღვაწეობას.
კონკრეტულად მაშა კალეკოს შემოქმედებაში ენის, როგორც სამშობლოსა და იდენტურობის საფუძველის შესახებ არც ისე ბევრი კვლევა არსებობს, მაგრამ ზოგადად საკითხი აქტუალურია და მკვლევარების აზრით, ემიგრანტული ლიტერატურის ქალი წარმომადგენლებისათვის სამშობლოსა და ენისადმი დამოკიდებულება თითქმის ტიპიურია და იმ დიდი ნაღველისა და ცხოვრებისეული ტრავმის ამსახველია, რომელიც მათ ემიგრაციაში ერგოთ. მშობლიური ენა მათთვის რჩება იდენტობის განმსაზღვრელად, მაშინაც კი, როცა ადამიანი რამდენიმე ენაზე სრულყოფილად საუბრობს. თვით მამა - პაპათა სამკვიდრო ადგილზე ცხოვრებისასაც შეიძლება უსამშობლოდ იგრძნოს ადამიანმა თავი, რადგან მშობლიურად აღქმული ენა ისეთ კოდს დებს ადამიანში, რომ ის მუდმივად მისკენ ისწრაფვის. ასე იყო კალეკოს შემთხვევაშიც. ის წარმოშობით ებრაელი, მაგრამ გერმანულენოვანი მწერალი, სამშობლოს ძიებაშია მუდამ, სამშობლოც, რომელიც ენატრება გერმანულ ენაში განხორციელებული ხატია, მთელი ცხოვრების ემიგრანტული გზის მიუხედავად, მისთვის მხოლოდ გერმანულია მშობლიური ენა.
მისი ლირიკის პრობლემატიკის განხილვისას ნათლად იკვეთება, რომ ავტორის შემოქმედებაში ენა ლირიულ გმირად გვევლინება ისე, როგორც წარმოსახვითი სამშობლო. მიუხედავად მრავალენოვნობისა, ავტორის მიერ მშობლიური ენის როლის აღმატებულად შეფასება ენის და იდენტობის ერთობლიობის შესახებ რეალობაში დამკვიდრებულ მოსაზრებას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
სტატიის თემა აქტუალურია თანამედროვე საზოგადოებისთვისაც, რაც მაშა კალეკოს, როგორც სამშობლოდან გაძევებულ, დავიწყებულ და მაინც ხელახლა აღმოჩენილ ავტორს განსაკუთრებულ ადგილს უმკვიდრებს ავსტრიულ ლიტერატურაში. სტატიისათვის საკითხზე არსებული კვლევების მოძიებისა და გაცნობის გარდა ავტორის ლირიკის ანალიზისთვის მაშა კალეკოს ლირიკის საკუთარი თარგმანები გამოვიყენეთ.