კავკასიური სივრცის ქრისტოლოგიური მნიშვნელობა „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ მიხედვით
საკვანძო სიტყვები:
ჰაგიოგრაფია „მოქცევაჲ ქართლისაჲ“, კავკასიის გეოგრაფიული არეალი და კულტურული სივრცეანოტაცია
სტატიაში განხილულია „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ტექსტში
დამოწმებული ყველა ის გეოგრაფიული პუნქტი, გეოგრაფიული
სივრცე, რომელსაც საერთოკავკასიური ინტერესების კვალობაზე,
მხატვრული და ეკლესიოლოგიური მნიშვნელობა
ენიჭება, რადგან ის ადგილები, სადაც წმ. ნინომ ფეხი დადგა
და სამონასტრე ადგილები შეარჩია, მხოლოდ გეოგრაფიული
პუნქტი არაა, არამედ ის სულიერებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო
ცენტრია, რომელსაც ქართველი ერის სულიერი
და ინტელექტუალური პოტენციალის წარმოჩენის მისია დაეკისრა.
თითოეულმა მათგანმა უდიდესი როლი შეასრულა ქართველთა ქრისტიანულ რელიგიაზე მოქცევის საქმეში. თხზულებამ
როგორც ქართულ, ისე მსოფლიო კულტურას, მათ შორის
კავკასიური არეალის კულტურულ სამყაროს, შესძინა როგორც
რეგიონული, ასევე მსოფლიო ღირებულების კულტურული
მონაპოვრები. უძველესი დროიდან მოყოლებული, საქართველოს
და მის კულტურას ყოველთვის დომინანტური ადგილი
ეკავა კავკასიურ სივრცეში, კავკასიელთა საურთიერთობო
ენაც XIX საუკუნის 50-60-იან წლებამდე ქართული ენა
იყო. საქართველოს გაქრისტიანების პროცესი სახელმწიფოებრივი
სტატუსის მინიჭებამდე თითქმის სამი საუკუნე გრძელდებოდა.
საქართველო იყო პირველი ქვეყანა კავკასიურ არეალში, რომელმაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა,
რის გამოც კავკასიურ სივრცეში ქრისტიანობის მესვეურობა
ხვდა წილად. ყოველივე ამის საფუძველზე საჭიროდ
მიგვაჩნია „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ტექსტზე პოლიტიკურ-სოციალური,
რელიგიური, კულტურულ-ლიტერატურული და
ენობრივი თვალსაზრისით დაკვირვება, რათა უკეთ განისაზღვროს
საქართველოს სახელმწიფოებრიობის, ქართული კულტურის,
ქრისტიანული რელიგიის ადგილი კავკასიურ სივრცეში.
ამავე დროს, აუცილებელია იმის აღნიშვნაც, რომ „კავკასია“, როგორც რეგიონული სივრცის აღმნიშვნელი ტერმინი-სახელწოდება,
ქართულ ჰაგიოგრაფიაში მხოლოდ „მოქცევაჲ ქართლისაჲს“
ტექსტში გვხვდება. „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ გეოგრაფიული
სივრცე მოწმობს, რომ საქართველოს ყოველთვის ეჭირა
კავკასიის გეოპოლიტიკური ცენტრის ადგილი, როგორც
ქრისტიანული აღმოსავლეთის განაპირა მხარის კულტურული
ქვეყნისა.