წმ. ქეთევან დედოფლის სახის საღვთისმეტყველო და მხატვრული გააზრება ანტონ პირველი კათალიკოსის ჰაგიოგრაფიული თხზულებების მიხედვით
საკვანძო სიტყვები:
ანტონ პირველი კათალიკოსი, ქეთევან წამებული, ჰაგიოგრაფია, თეიმურაზ პირველი, ღმერთი, სახარება, რწმენაანოტაცია
ქეთევან დედოფლის მოწამეობრივი ცხოვრება ასახულია ანტონ პირველი კათალიკოსის ჰაგიოგრაფიულ-მხატვრულ თხზულებებში ,,შესხმა და მოთხრობა ღუაწლთა და ვნებათა წმიდისა დიდისა მოწამისა დედოფლისა ქეთავანისთა" და ,,სÂნაქსარი პირუელად სათუეოთაგან და მერმე წმიდისა ქეთავანისა". დასახელებულ ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებებში ქეთევანის მხატვრული სახე ჰაგიოგრაფიული ჟანრის სპეციფიკის კვალობაზეა წარმოსახული, ამიტომაც მასში ჩანს, რომ მისმა მოწამეობრივმა ღვაწლმა დაფარა `დედოფლის~ მისია და მეტადრე წმიდანად წარმოჩნდა; ქეთევან დედოფალი გვევლინება დედოფლობიდან, ამქვეყნიური პატივიდან ღვთის მიერ მოვლენილ წმიდანად, რომელიც დამაკავშირებელად შეიქმნა და ცემული ადამის მოდგმისა შემქმნელ ღმერთთან _ ეს არის ღმერთთან კავშირის აღდგენა, სარწმუნოების განახლება, ღვთაებრივი მადლის მონიჭება.
ანტონ პირველი წმიდა ქეთევანს ქრისტეს ნათლით აღვსილად წარმოაჩენს, რადგან მასში ცხოვნების მადლი არის დასადგურებული და ჭირთა მტვირთველმა ქალმა, განსაცდელში გამობრძმედილმა მტერი დასძლია; ქეთევან წამებული წარმოსახულია ღმერთის სათნოებებით და სარწმუნოებით მცხოვრებ, კეთილგონიერ, ბრძენ, კეთილ საქმეთა მოქმედ, მშვენიერებით აღსავსე პიროვნებად.
სახარებისეული სიბრძნის მოშველიებით, ანტონ პირველი ქეთევანის წმიდანობას შარავანდედით მოსავს და წარმოაჩენს როგორც ქრისტეშემოსილ პიროვნებას, რომელმაც ქრისტეს მსგავსად მრავალი სატანჯველი მიიღო და სისხლის დათხევით ცოდვათა განწმედას მიაგო მთელი სულიერი ცხოვრება; წმიდა დედოფლის სულიერი ღვაწლი მიმართული იყო არა ამქვეყნიური კეთილდღეობის დამკვიდრებისაკენ, არამედ უფლის დიდებისათვის, ღვთაებრივი სრულყოფისაკენ... ავტორი ქეთევან წამებულს წარმოაჩენს როგორც უფლისადმი დაუცხრომლად მლოცველს, ლოცვა კი ღმერთთან ზიარების ერთ-ერთი მძლავრი გზაა მოკვდავი ადამიანის ღმერთთან დასაკავშირებლად.
ანტონ I კათალიკოსის თხზულებებით კიდევ ერთხელ წარმოჩნდა ქეთევან წამებულის სულიერი, მოწამეობრივი ღვაწლი და ღვთისმშობლის ანალოგიით ერის და რწმენის მფარველი სახე-ხატის კვლავ ერთი გააზრება აისახა ქართულ მწერლობაში.