თხრობის თავისუფლება ,,გლახის ნაამბობში"

ავტორები

  • მზევინარ მჟავანაძე

საკვანძო სიტყვები:

სტილური დომინანტი, თხრობის რიტმი, ინტონაცია, აღსარება, კონტრასტი, მკითხველი

ანოტაცია

,,გლახის ნაამბობის" მხატვრული სტილის შესასწავლად ავტორის თხრობაზე დაკვირვება და იმ თავისებურებათა გათვალისწინება, რომელიც ნაწარმოების სტილურ მთლიანობას განაპირობებს, უმნიშვნელოვანესია.
ჩვენი კვლევის მიზანიც თხრობის თავისებურების იმგვარი ანალიზია, რომელიც მისი ყველა ელემენტის გამოყოფას და სტილური ფუნქციით წარმოჩენას გულისხმობს. ყველაზე თვალში საცემი ამ მხრივ თხრობის ფორმაა _ მოთხრობა მთლიანად აღსარებაა პერსონაჟის მიერ სიკვდილის წინ თქმული, შესაბამისად, თხრობაც პირველ პირში მიმდინარეობს. აღსარებისთვის დამახასიათებელია მოსაუბრის მძაფრი შეგრძნება, რომლისკენაც არის მიმართული აღსარება. ეს გათვლა თანამოსაუბრეზე, რომელიც მხოლოდ მსმენელია, მოთხრობაში განაპირობებს ინტონაციასაც. ,,გლახის ნაამბობში" მეტყველების ინტონაცია ხშირად იცვლება, რითაც მწერალი თხრობის ერთფეროვნება-მონოტონურობასაც არიდებს თავს და ნაამბობისადმი მთხრობლის დამოკიდებულებასაც უსვამს ხაზს. აღსანიშნავია ისიც, რომ მსმენელზე მიმართული თხრობა პერსონაჟის აზროვნების მანერას, მისი განცდისა თუ ხედვის სიმძაფრეს განსაზღვრავს. აღსარების ტიპის თხრობისთვის დამახასიათებელ უშუალობასა და გულახდილობას აძლიერებს ,,ნაამბობის" ემოციური შეფასება ახლანდელი გამოცდილების ფონზე და იწვევს ტექსტის დატეხვას, შეყოვნებას თხრობაში, თუმცა ეს ამბის დინამიკაზე არ აისახება. თხრობის საერთო რიტმი ჩქარია, რადგან ეს შეყოვნებები ხელახლა, ახალი კუთხით წარმოაჩენს მოთხრობილ ამბავს და ემოციურად უფრო დაძაბულს ხდის მას. ილიამ აღსარებისთვის ჩვეული უშუალობის ტონს ორგანულად შეურწყა მისი მწერლური ბუნებისთვის დამახასიათებელი ანალიზის ელემენტები და ახლებურად გამოიყენა _ პერსონაჟის ბუნების, მისი შინაგანი სამყაროს გახსნასთან ერთად, ეთიკური და სოციალური საკითხებიც გამოკვეთა.
კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანი ილიას თხრობისა ისაა, რომ მთხრობელი-პერსონაჟი უბრალოდ კი არ ჰყვება, არამედ მკითხველს უყვება, მკითხველს გულისხმობს, მას მიმართავს. ამგვარი თხრობა თავისთავად გულისხმობს უშუალობისა და ინტიმურობის ატმოსფეროს მთხრობელსა და მკითხველს შორის.
ამ თხრობის სტილური მახასიათებელია კონტრასტიც, რომელიც მთლიანად მსჭვალავს ნაწარმოებს და მის სტილურ დომინანტს წარმოადგენს.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2016-06-20