საქართველო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგებში: რეიტინგების შინაარსი და დინამიკა

ავტორები

  • კახაბერ ციმინტია

საკვანძო სიტყვები:

International indices, economic transformation

ანოტაცია

XX საუკუნის ბოლო ათწლეულის ტრანსფორმაციამდე,  ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემითა და  სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პირობებით,  საქართველო ტიპურ საბჭოთა ქვეყანას წარმოადგენდა. საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესი რიგი სუბიექტური თუ ობიექტური ფაქტორებიდან გამომდინარე საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდა და სისტემური კრიზისების ფონზე მიმდინარეობდა. 1996 წლიდან გამოკვეთილი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია არასაკმარისი აღმოჩნდა არსებული გამოწვევებისთვის საპასუხოდ. ქვეყანა ახალ ათასწლეულს  დაბალი ცხოვრების დონითა და ხარისხით, განუვითარებელი ეკონომიკური სტრუქტურებით შეხვდა.

XXI საუკუნის პირველ ათწლეულში, კერძოდ კი 2004 წლიდან ქვეყანაში განხორციელდა ძირეული, რადიკალური და არსებითი ხასიათის რეფორმები, რომელმაც ამ პერიოდისთვის საქართველოს ტოპ-რეფორმატორებში დაუმკვიდრა ადგილი. კერძოდ, ეკონომიკის სფეროში განსაკუთრებული მნიშვნელობა ქონდა საფინანსო-საბიუჯეტო დისციპლინის დამყარებას, საბიუჯეტო და ენერგეტიკული კრიზისების დაძლევას, კორუფციასთან ბრძოლას, კანონიერი ეკონომიკური თამაშის წესების დადგენას, სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებას (რეფორმისტული ძალისხმევის მეტწილად ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებაზე ორიენტირებას), ახალი საგადასახადო კოდექსის წყალობით საგადასახადო ტვირთის მნიშვნელოვან შემცირებას, საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესებას, პრივატიზების პროცესის დაჩქარებასა და კერძო ინვესტიციების ხელშეწყობაზე აქცენტირებას, საბაჟო პროცედურების გამარტივებასა და ადმინისტრირების გაუმჯობესებას, დიდ წინსვლებს საბანკო სექტორში, ტელეკომუნიკაციებსა და საერთაშორისო ვაჭრობაში ( სამსონ, (2006) : 73-74), (ციხელაშვილი ...(2012) : 39-40), (Gurgenidze, (2009)).

2003 წელს საქართველოში რეალური და ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 8,6 მლრდ  ლარს (3,4 მლრდ აშშ $) შეადგენდა. 2012 წლისთვის რეალურმა მშპ-მ (2003 წლის ფასებში) 14,5 მლრდ ლარი შეადგინა, ანუ 1,7-ჯერ გაიზარდა, ხოლო ნომინალურმა - 26,2 მლრდ ლარი, ანუ 3-ჯერ მეტი.მთელი ამ პერიოდის განმავლობაში (გარდა 2009 წლისა) რეალური მშპ ზრდის ( რიგ წლებში ერთობ შთამბეჭდავი) ტენდენციით ხასიათდებოდა და 2004-2012 წლებში საშუალოდ 6,1 % შეადგინა. სხვადასხვა ღონისძიებების, მათ შორის საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების გაუმჯობესების, კორუფციის შემცირების ხარჯზე მნიშვნელოვნად გაიზარდა (8-ჯერ) საბიუჯეტო შემოსავლები (2003 წელს არსებული 0,93 მლრდ ლარიდან, 2012 წელს - 7,1 მლრდ ლარამდე). რამაც ქვეყანას პენსიების (10,7-ჯერ), ხელფასების (4,5-ჯერ) ზრდისა და ინფრასტრუქტურული თუ სხვა სახის პროექტების განხორციელების  საშუალება მისცა.        მნიშვნელოვანი ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი - ინვესტიციები. კერძოდ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2003 წელს არსებული 340,1 მლნ აშშ დოლარიდან 2007 წლისთვის 2 მლრდ აშშ დოლარამდე  გაიზარდა, ხოლო 2012 წელს 911,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური).აღნიშნულ პერიოდში როგორც საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროებში, ეკონომიკაშიც მოხდა მნიშვნელოვანი გამოცოცხლება, სისტემური კრიზისის დაძლევა და ზრდის ტრაექტორიის უზრუნველყოფა.

2012 წლის შემდგომ  გაგრძელდა რეფორმირების პროცესები. ამ მიმართულებით ყურადღება გამახვილდა  საკუთრების უფლების დაცვაზე,   წვრილმანი კორუფციის აღმოფხვრის ღონისძიებებზე,  სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

2019 წლისთვის რეალურმა მშპ-მ (2015 წლის ფასებში) შეადგინა 40,3 მლრდ ლარი, 2020 წლისთვის - 37,6 მლრდ ლარი. მშპ-მ აშშ დოლარებში (მიმდინარე ფასებში) 2019 წელს შეადგინა 17,5 მლრდ აშშ დოლარი, 2020 წელს კი -15,8 მლრდ აშშ დოლარი. (2012 წლისთვის ეს მაჩვენებელი 16,5 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა). პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 2019 წელს მიაღწია 1,3 მლრდ აშშ დოლარს, ხოლო 2020 წლისთვის მნიშვნელოვნად შემცირდა და მხოლოდ 0,6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა(საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური).

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-11-20