სწავლა და მასთან დაკავშირებული ზოგიერთი პრობლემა
საკვანძო სიტყვები:
სწავლა, ნებისყოფა, მოტივაცია, ვალდებულება, პასუხისმგებლობა, მოთხოვნილებათა იერარქია, დამოკიდებულებებიანოტაცია
ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვისთვის მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეთა საჭიროებების და მოთხოვნილებების დადგენა, განსაზღვროს მოთხოვნილებების იერარქიის რომელ საფეხურზეა მოსწავლე და რა მოტივები უდევს საფუძვლად მის სწავლას. გაითვალისწინოს, რომ სწავლის მოტივაციურ სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ნებისყოფაა. ჩვენი კვლევის მიზანს სწავლასთან დაკავშირებული პრობლემების გამოვლენა და პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავება წარმოადგენს. კვლევის დროს შევისწავლეთ და გავაანალიზეთ შესაბამისი სამეცნიერო-პედაგოგიური ლიტერატურა, დავაკვირდით სასწავლო პროცესს, შევისწავლეთ სწავლასთან დაკავშირებული ზოგიერთი პრობლემა.
მოსწავლის მოთხოვნილებებზე საუბრის დროს საყურადღებოდ ჩავთვალეთ ჩვენი მრავალწლიანი პედაგოგიური პრაქტიკის პერიოდში არსებულ ფაქტებზე მსჯელობა, როდესაც მოსწავლეთა ნაწილი სასწავლო მასალის გააზრებაზე ბევრად ნაკლებ დროს ხარჯავს, ვიდრე ამ მასალის დამახსოვრებაზე. პრაქტიკულად, ისინი ყოველგვარი აღქმისა და გააზრების გარეშე ახერხებდნენ სასწავლო მასალის (მაგალითად, ლექსის) არა ზეპირად დასწავლას, არამედ დაზეპირებას, რასაც გაცილებით ბევრ დროს ანდომებდნენ. სამწუხაროდ, ასეთი ფაქტებს დღესაც ვხვდებით სასკოლო პრაქტიკაში. ხშირად მოსწავლე დიდხანს მეცადინეობს და იზეპირებს ისეთ მასალას, რაც კარგად არ ესმის. ამ შემთხვევაში მოსწავლის სასწავლო ქცევას ნებისყოფა წარმართავს. აქედან გამომდინარე, ნებისყოფის გარეშე შეუძლებელია სწავლა. შესაბამისად, მასწავლებლის ერთ-ერთ მიზანს მოსწავლეებში ნებისყოფის აღზრდა უნდა წარმოადგენდეს. სწავლასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების განხილვისას მნიშვნელოვანია, რომ სწავლა შესაძლებელია მაშინ, როდესაც მოსწავლეს ვალდებულებისა და პასუხისმგებლობის უნარი სათანადოდ აქვს განვითარებული. ამავე დროს, პედაგოგმა სასწავლო პროცესის დაგეგმვისას უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის მოტივაცია, რაც ხელს შეუწყობს მის (მოსწავლის) წარმატებებს. სწავლის პროცესში მნიშვნელოვანია მოტივაციის განმაპირობებელი ფაქტორების გათვალისწინება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მოთხოვნილებებია. ასევე მნიშვნელოვანია სწავლის პროცესში მოსწავლეებში დამოკიდებულებების განვითარება.
წარმოდგენილი მასალა დახმარებას გაუწევს მასწავლებლებს სწორად წარმართონ მოსწავლეებში სწავლის პროცესი, შეძლონ ეროვნული სასწავლო გეგმის წარმატებით რეალიზაცია.